ირაკლი კოვზანაძე - მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად, რეინვესტირების მოცულობა თითქმის ორჯერ გაიზარდა
ირაკლი კოვზანაძე - მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად, რეინვესტირების მოცულობა თითქმის ორჯერ გაიზარდა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ინიციატივით, რეტროსპექტიული რეგულირების ზეგავლენის შეფასება (ex-post RIA) მომზადდა, რომლის პრეზენტაცია დღეს „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა. შეფასებაში მოგების გადასახადის რეფორმის შედეგებია შეჯამებული.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 2017 წლიდან მოგების გადასახადის დაბეგვრის ახალი ე.წ. ესტონური მოდელი ამოქმედდა, რომლის ფარგლებში საწარმოები გადასახადით მხოლოდ მოგების განაწილებისას იბეგრებიან.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, დაინტერესებულ მხარეებთან გამართული კონსულტაციების შედეგად გამოიკვეთა, რომ რეფორმა მნიშვნელოვანი შეფერხებების გარეშე განხორციელდა და ის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალეა ბოლო დროის ინიციატივებს შორის. თუმცა რეფორმის წმინდა ეფექტის განსაზღვრა კვლავ გამოწვევაა, რადგან ინდივიდუალური ფირმების დონეზე ჩაშლილი მონაცემები არ არის სრულყოფილი.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის,  ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად, ბიუჯეტში მოგების გადასახადის სახით შემოსავლები შემცირდა, მაგრამ ეს თანხა ჩაიდო ეკონომიკაში, რაც რეფორმის მთავარი მიზანი იყო. რეინვესტირების მოცულობა თითქმის ორჯერ გაიზარდა.

რეინვესტიციების მოცულობამ 2017 წელს 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტი – 657.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა“, – განაცხადა კოვზანაძემ.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად დადებითი ტენდენციებისა მოკლევადიან პერიოდში, რეფორმის შედეგების წმინდა ეფექტის დადგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან ე.წ. ესტონური მოდელის ამოქმედებიდან გასულია მხოლოდ ორი წელი. შესაბამისად, მოგების გადასახადის რეფორმის რეტროსპექტიული რეგულირების ზეგავლენის შეფასება შუალედური დასკვნაა და სამომავლოდ გზამკვლევი იქნება რეფორმის შემდგომი ეფექტიანობის ანალიზისთვის.

პრეზენტაციას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ბიზნესომბუდსმენი, ბიზნესმენები და ეკონომისტები ესწრებოდნენ.

შეფასება ISET-ის, Pwc-ის მონაწილეობითა და GIZ-ის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.