ირაკლი კოვზანაძე - მამუკა ბახტაძე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებს სამთავრობო პროგრამის განხორციელებაზე და მას უნდა ვენდოთ
ირაკლი კოვზანაძე - მამუკა ბახტაძე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებს სამთავრობო პროგრამის განხორციელებაზე და მას უნდა ვენდოთ

ჩვენი გამოწვევებია ქვეყანაში სიღარიბის შემცირება და ეკონომიკის ინკლუზიური ზრდა, რაც ახალი სამთავრობო პროგრამის პრიორიტეტებია, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს პოზიტიურ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე. ამავე დროს აღნიშნა, რომ რეფორმებისა და ეკონომიკური ზრდის სიკეთე მოსახლეობის ფართო ფენებს უნდა შეეხოს.

როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, ახალ სამთავრობო პროგრამაში სწორედ აღნიშნული მიმართულებებია პრიორიტეტული.

„წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამის ქვაკუთხედს ასევე წარმოადგენს მაკროეკონომიკური სტაბილურობის, საჯარო ფინანსების ეფექტიანი მართვის, დასაქმების, კაპიტალის ბაზრისა და საპენსიო რეფორმების, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების, ლარიზაციის გაგრძელებისა და ინფრასტრუქტურული განვითარების უზრუნველყოფა“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარემ დადებითად შეაფასა პრემიერ-მინისტრის ინიციატივები მცირე მთავრობის, ჭარბვალიანობის დაძლევის, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისა და საგადასახადო ადმინისტრირების რეფორმირების მიმართულებით.

„ჩვენ, პირველ რიგში, უნდა ვენდოთ პრემიერ-მინისტრს, ბატონი მამუკა პირდაპირ აფიქსირებს, რომ ის იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მთელს გუნდსა და სამთავრობო პროგრამის განხორციელებაზე. მე ნდობას ვუცხადებ მამუკა ბახტაძეს და იმავეს მოგიწოდებთ თქვენ, პატივცემულო კოლეგებო“, – მიმართა პარლამენტარებს ირაკლი კოვზანაძემ.