ირაკლი კოვზანაძე იმედოვნებს, რომ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში პარლამენტის შენიშვნები აისახება
ირაკლი კოვზანაძე იმედოვნებს, რომ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში პარლამენტის შენიშვნები აისახება

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარლამენტისთვის მეორედ წარდგენილი პროექტი არსებითად არ განსხვავდება პირველადი ვარიანტისგან, თუმცა საბიუჯეტო პროცესი გრძელდება და იმედი მაქვს, საბოლოო ვერსიაში პარლამენტის შენიშვნებისა და რეკომენდაციების მნიშვნელოვან ნაწილს გაითვალისწინებენ, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.

მისი თქმით, წარდგენილი ვარიანტით არ იცვლება მაკროეკონომიკური პარამეტრები: დაგეგმილია მშპ-ს 5 პროცენტიანი ზრდა, რაც ირაკლი კოვზანაძის აზრით, მთავრობის მხრიდან საკმაოდ ამბიციური განაცხადია. ასევე ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია 3 პროცენტიანი ინფლაცია, ნაერთი ბიუჯეტის 2.6 პროცენტი დეფიციტი მშპ-სთან მიმართებაში და 14 მილიარდ 40 მილიონი ლარის შემოსულობები.

„სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების მოცულობაც და სტრუქტურაც პრაქტიკულად უცვლელია. მომავალ წელს 14 მილიარდ 211 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, თითქმის 900 მილიონი ლარით მეტი, ვიდრე 2019 წელს. გაიზრდება პენსიები, დაგეგმილია ხელფასების მატება მასწავლებლებისთვის, სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელთათვის, პოლიციელებისთვის, სამხედრო მოსამსახურეებისთვის.

საქართველოში იმყოფებოდა საერთაშორისი სავალუტო ფონდის მისია, მიმდინარეობს მათთან ინტენსიური მუშაობა და კონსულტაციები, მათ შორის 2020 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების შესახებ. ასევე ჯერ  არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 10 თვის შესრულების და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის თაობაზე. შესაბამისად,  მთავრობამ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ ამ ეტაპზე, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში არ განეხორციელებინა არსებითი კორექტირებები“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა და მხარი დაუჭირა. ბიუჯეტის პროექტი განსახილველად ხვალ სესიაზე გავა. 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსია კი, პარლამენტში არაუგვიანეს 30 ნოემბრამდე უნდა შევიდეს.

დატოვე კომენტარი