ირაკლი კოვზანაძე - გიორგი ქობულია მუშაობს და აქედან გამომდინარე, დაველოდოთ მის კომენტარს
ირაკლი კოვზანაძე - გიორგი ქობულია მუშაობს და აქედან გამომდინარე, დაველოდოთ მის კომენტარს

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე გიორგი ქობულიას ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარისგან თავს იკავებს.

ამასთან, დეპუტატის განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია, ვისი კანდიდატურა განიხილება, თუ ქობულია მინისტრის პოსტს დატოვებს.

„ეს ადამიანი ამ თანამდებობაზე მუშაობს და აქედან გამომდინარე დაველოდოთ მის კომენტარს. განცხადებებს შემდეგ გავაკეთებთ. წარსულ დროში ნუ ვისაუბრებთ, მუშაობს. როცა იქნება და თუ იქნება მისი განცხადება, კომენტარს შემდეგ გავაკეთებ. ვერ გეტყვით, რა კანდიდატურა განიხილება. თუ ეს საკითხი დადგება, პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტს“ – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია თანამდებობას დღეს დატოვებს, პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

ამასთან, ჟურნალისტებმა დღეს ქობულიას ჰკითხეს, თუ იგეგმება გუნდში საკადრო ცვლილებები და მისი წასვლა თანამდებობიდან, რაზეც განაცხადა, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებებს პრემიერი იღებს. „ამასთან დაკავშირებით მე ნუ მეკითხებით. ამისთვის არსებობს პრემიერ-მინისტრი, ვინც იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს და მას შეგიძლიათ, მიმართოთ“, – განაცხადა ქობულიამ.

გიორგი ქობულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად 2018 წლის ივლისში დაინიშნა.