ირაკლი კოვზანაძე - ეკონომიკა ჯერ კიდევ პანდემიის გავლენის ტყვეობაშია, პანდემიის მართვაზე გადის ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და მოსახლეობის კეთილდღეობა
ირაკლი კოვზანაძე - ეკონომიკა ჯერ კიდევ პანდემიის გავლენის ტყვეობაშია, პანდემიის მართვაზე გადის ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და მოსახლეობის კეთილდღეობა

ეკონომიკა ჯერ კიდევ პანდემიის გავლენის ტყვეობაშია, პანდემიის მართვაზე გადის ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და მოსახლეობის კეთილდღეობა, – ამის შესახებ პარალამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ რიგგარეშე სესიის სხდომაზე განაცხადა, სადაც „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტის განხილვა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, საჭიროა, რომ ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ გამოყოფილი თითეული თეთრი სწორად უნდა იყოს მიმართული პანდემიის სამართავად.

„ჩვენი ქვეყანა ორი უმთავრესი გამოწვევის წინაშე დგას – ეს არის კოვიდი, რომელიც ბოლო პერიოდია, ჩვენთან უჩვეულოდ გამწვავდა, ახალ რეკორდებს ხსნის და არა მარტო ზრდასრულ ჩვენს თანამემამულეებში, არამედ მცირეწლოვან ბავშვებშიც გავრცელდა. მეორე პრობლემა, რომელიც თითოეულ ჩვენს თანამემამულეს აწუხებს, არის ფასების სტაბილურობა, ინფლაცია. ბოლო მონაცემებით, ინფლაციამ 9.9 პროცენტი შეადგინა და 2011 წლის მეორე ნახევრის შემდეგ, მსგავსი ციფრები ჩვენს ქვეყანას არ ჰქონია. ვფიქრობ, დღეს ეკონომიკური ზრდა და კეთილდღეობა, სწორედ პანდემიის სწორ მართვაზე გადის. ისევე როგორც ვფიქრობ, რომ საჭიროა ბიუჯეტიდან გამოყოფილი თითეული თეთრი, რომელსაც დღეს ჩვენ დავამტკიცებთ და თითოეულ თქვენგანს მოგიწოდებთ, რომ დავამტკიცოთ, იყოს სწორად მიმართული პანდემიის მართვისკენ და კონკრეტულად ამ მიზნებისთვის უნდა დაიხარჯოს.

პანდემიით გამოწვეული ურთულესი და რეცესიული 2020 წლის შემდეგ, აპრილში ეკონომიკა მკვეთრად გაიშალა და ჩვენ ვნახეთ, რომ 45-პროცენტიანი ზრდა. მაისში – 25.5 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. საბოლოოდ, ხუთ თვეში ზრდა 11.5 პროცენტიანია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის ვალის დადგენილი ზღვრული მოცულობა 60 პროცენტს ქვემოთ ჩამოვა და იქნება 54.6 პროცენტი. თუმცა ეს გამოწვეული იქნება არა იმდენად ვალის შემცირებით, არამედ მშპ-ის მაჩვენებელზე დაახლოებით 3.8 მლრდ ლარის დაგეგმილზე მეტის ზრდით. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მთავრობის ვალის 81 პროცენტი არის საგარეო დავალიანება, რაც განსაკუთრებით მგრძნობიარეა ლარის კურსთან მიმართებით. მთლიანობაში, პროექტით მიმდინარე წლის ბოლოსთვის სახელმწიფო ვალის მოცულობა 1.4 მლრდ ლარით მცირდება და 32.3 მლრდ ლარს გაუტოლდება. ამ შემცირებაში ლარის გამყარების ეფექტი არის 97.8 პროცენტი, ანუ 1.39 მლრდ ლარია, ხოლო თავად ვალის ნაშთის შემცირების ეფექტი მხოლოდ 2.2 პროცენტია, ანუ მხოლოდ 30.5 მლნ ლარია. აქედანაც ჩანს, თუ რამხელა დატვირთვა აქვს ლარის კურსს არა მხოლოდ მოსახლეობის კეთილდღეობისთვის, არამედ ფისკალური სტაბიურობის თვალსაზრისითაც. ვფიქრობ, მთლიანობაში ცუდი შედეგი არ არის. აქედან გამომდინარე, ეკონომიკის ზრდის პერსპექტივები დამაიმედებელია, თუმცა პირდაპირ ვიტყვი, რომ ეკონომიკა ჯერ კიდევ პანდემიის გავლენის ტყვეობაშია და დღეს პანდემიის მართვაზე გადის ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, მოსახლეობის კეთილდღეობა. ასევე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ თითოეული გამოყოფილი თეთრის რაციონალური ხარჯვა მოხდეს, რასაც ჩვენ, პარლამენტი აუცილებლად გავაკონტროლებთ“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

დატოვე კომენტარი