ირაკლი კოვზანაძე - ბიუჯეტის პირველ კვარტალს გეგმის მიხედვით დავასრულებთ, მაგრამ შემდეგი კვარტალი პრობლემური იქნება
ირაკლი კოვზანაძე - ბიუჯეტის პირველ კვარტალს გეგმის მიხედვით დავასრულებთ, მაგრამ შემდეგი კვარტალი პრობლემური იქნება

ბიუჯეტის პირველ კვარტალს გეგმის მიხედვით დავასრულებთ, მაგრამ შემდეგი კვარტალი პრობლემური იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში კორონავირუსის ეკონომიკაზე გავლენა და ამ გამოწვევის საპასუხოდ მთავრობის მიერ შემუშავებული ეკონომიკის სტიმულირების გეგმის მნიშვნელობა განიხილეს. საუბარი შეეხო სახელმწიფო ბიუჯეტის შესაძლო ცვლილებებსაც.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პროგნოზით, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებას პირველ კვარტალში არაფერი ემუქრება, მაგრამ აპრილიდან პრობლემებია მოსალოდნელი.

„რაც შეეხება ბიუჯეტს, მინდა, ღია ტექსტით გითხრათ, მოვდიოდით და ამ წუთშიც კარგად მივდივართ. როცა 2019 წლის წინასწარი მონაცემები ვნახეთ, 550 მილიონი ლარით მეტი გვქონდა მიღებული ნაერთ ბიუჯეტში გადასახადების ნაწილში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, გარკვეული რეზერვებით გვაქვს მიღებული შემოსავლები იანვარსა და თებერვალში. მარტში ჩანს, რომ გარკვეული პრობლემები არის. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ პირველ კვარტალს გეგმის მიხედვით დავასრულებთ, მაგრამ პრობლემები გამოჩნდება აპრილში. შემდეგი კვარტალი აშკარად პრობლემური იქნება და ბიუჯეტის შესრულების კუთხით პრობლემები შეგვექმნება“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.