ირაკლი კოვზანაძე - ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტს საფინანსო კომიტეტი მხარს დაუჭერს და რეკომენდაციას გაუწევს სესიაზე განსახილველად
ირაკლი კოვზანაძე - ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტს საფინანსო კომიტეტი მხარს დაუჭერს და რეკომენდაციას გაუწევს სესიაზე განსახილველად

ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტს საფინანსო კომიტეტი მხარს დაუჭერს და რეკომენდაციას გაუწევს სესიაზე განსახილველად, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია განიხილეს.

„2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვერსიაში გათვალისწინებულია პარლამენტში გამოთქმული შენიშვნებისა და რეკომენდაციების ნაწილი, პირველად ვერსიასთან შედარებით, ცვლილებებია ხარჯვით ნაწილშიც. მთელ რიგ მხარჯავ სუბიექტებს დაფინანსება ეზრდებათ.

2021 წლის მოსალოდნელი რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი შეადგენს 10%-ს. ამან მოგვცა საშუალება, მომდევნო წელსაც დამატებითი რესურსი მიგვეღო ბიუჯეტის ზრდისთვის. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა მომავალ წელს დაგეგმილია 6%-ის ფარგლებში, შენარჩუნებულია ეს მონაცემი და ნომინალში აღწევს 65 მილიარდ ლარს.

ბიუჯეტის დეფიციტი ასევე შენარჩუნებულია 4,4%-ის დონეზე, ხოლო მთავრობის ვალი აწევს 52,2%-ს. ხარჯები ეზრდება მთელ რიგ სამინისტროებს და უწყებებს, გარდა ამისა, გადამუშავებულ ვარიანტში გათვალისწინებულია 175 მილიონი ლარი, საჯარო სექტორში ხელფასების 10%-იანი ზრდისთვის. დღეს წარმოდგენილ გადამუშავებული ბიუჯეტის პროექტს კომიტეტი მხარს დაუჭერს და რეკომენდაციას გაუწევს სესიაზე განსახილველად“, – განაცხადა კოვზანაძემ.