ირაკლი კოვზანაძე - არაფერი დგას სიცოცხლეზე და თავისუფლებაზე მაღლა, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ და საინვესტიციო გარემოს უნდა გავუფრთხილდეთ
ირაკლი კოვზანაძე - არაფერი დგას სიცოცხლეზე და თავისუფლებაზე მაღლა, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ და საინვესტიციო გარემოს უნდა გავუფრთხილდეთ

არაფერი არ დგას ადამიანის სიცოცხლეზე და თავისუფლებაზე მაღლა, უნდა გაგრძელდეს გამოძიება და ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს, – განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ.

კოვზანაძემ კომიტეტის დღევანდელი სხდომა, სადაც 2021 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ, 5 ივლისს და შემდგომ პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე საუბრით დაიწყო.

კომიტეტის თავმჯდომარემ მიუსამძიმრა გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახს და აღნიშნა, რომ განვითარებული მოვლენები არის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ მას ეკონომიკური მდგენელიც აქვს.

მისი თქმით, ქვეყანა რთულ პერიოდს გადის, ეკონომიკამ დაიწყო აღდგენა და სწრაფი ზრდა, ასეთ ვითარებაში კი უნდა გავუფრთხილდეთ საინვესტიციო გარემოს.

„ამ მოვლენების შემდეგ დაიწყო ტურისტული და სასტუმრო ჯავშნების გაუქმება. ტურიზმის მნიშვნელობაზე დამატებით რამის თქმა ზედმეტად მიმაჩნია. საკმარისია აღინიშნოს, რომ ტურიზმი ჩვენთან კურსწარმომქნელი ფაქტორი გახდა, ხოლო მომსახურეობის სექტორს ჩვენი მშპ-ის 70 პროცენტზე მეტი უკავია. რომელი უცხოელი ჩადებს ქვეყანაში ფულს, სადაც სიცოცხლის რისკები იქმნება. რომელი უცხოელი ჩამოვა სამუშაოდ, თუ აქ უცხოელებს სცემენ, რომელ ბიზნესკონტაქტებზე შეიძლება საუბარი, თუ სტაბილურობისა და დაცულობის განცდა არ იქნა. ჩვენ, პირველ რიგში, პარლამენტმა, მთავრობასთან ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს განცდა აღდგეს და იყოს ქვეყანაში. მსგავსი მოვლენები აღარ უნდა განმეორდეს. ამ დროს კი ჩვენ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სასიცოცხლოდ გვჭირდება და მისი დეფიციტი გვაქვს. ძალიან კარგია, რომ პარლამენტში მოვა შინაგან საქმეთა მინისტრი და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში ამ წუთებში 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს განიხილავენ.