ირაკლი კოვზანაძე - 2019 წელს სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი გვექნება
ირაკლი კოვზანაძე - 2019 წელს სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი გვექნება

2019 წელს სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფო ბიუჯეტი გვექნება, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 12 მილიარდ 997 მილიონი ლარით განისაზღვრა. ამასთან, აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და განათლების სფეროების დაფინანსების მოცულობა მომავალი წლის ბიუჯეტში 5 მილიარდ 490 მილიონ ლარს აღწევს, მათი წილი კი, ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით, 47 %-ს აჭარბებს.

„2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩადებულია პენსიების 20 ლარით, 200-ლარამდე გაზრდა, 2020 წლიდან ამ თანხას კიდევ 20 ლარი დაემატება. ამავე დროს, ხელისუფლება იძლევა პირობას, რომ მომავალში პენსიების ზრდა გარკვეული კორელაციაში იქნება ეკონომიკის ზრდასთან და ეს არის მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კოვზანაძის თქმით, პენსიების ზრდის პარალელურად, მომავალი წლიდან დაიწყება უმნიშვნელოვანესი რეფორმის, დაგროვებითი საპენსიო რეფორმის განხორციელება, რისთვისაც ბიუჯეტის კანონპროექტში 90 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა სოციალური მიმართულებით გაზრდილ ხარჯებზე. მათ შორის, 70 მილიონ ლარზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პირველი იანვრიდან 144 ათასამდე სოციალურად დაუცველი ბავშვი 50-ლარიანი დახმარების სახით მიიღებს.

„გარდა ამისა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 754 მილიონი ლარით დაფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. გამოყოფილია თანხები ასევე იმუნიზაციის, C-ჰეპატიტის ელიმინაციის, დიალეზის, აივ-ინფექციის, შიდსის, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და მთელ რიგ სხვა პროგრამებზე; შენდება აღნიშნული პროფილის ორი საავადმყოფო, დაფინანსდება სოფლის ექიმის, სასწრაფო დახმარებისა და ტრანსპორტირების, რეფერალური მომსახურების, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამები. ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, პუნქტების მიხედვით არის გაწერილი სახელმწიფო ბიუჯეტში და ათეულობით მილიონ ლარს ითვლის“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.