ირაკლი კოვზანაძე - 2018 წელს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და საზედამხედველო პოლიტიკა ადეკვატური იყო
ირაკლი კოვზანაძე - 2018 წელს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და საზედამხედველო პოლიტიკა ადეკვატური იყო

ეროვნული ბანკის კომპეტენცია ძირითადად, ორი მიმართულებით განისაზღვრება: ფასების სტაბილურობა და ფინანსური მდგრადობა, შეიძლება, გასული 2018 წელი ორივე მიმართულებით წარმატებულად ჩაითვალოს, – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის ეროვნული ბანკის 2018 წლის წლიური ანგარიშით წარდგენისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, გასულ წელს ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში იყო, საფინანსო ბაზარი კი,  ინარჩუნებდა ლიკვიდობისა და გადახდისუნარიანობის მაღალ დონეს, რაც, პირველ რიგში, საბანკო სისტემას ეხება. ამავე დროს, 2018 წელს გატარდა მთელი რიგი ღონისძიებები და ამოქმედდა ახალი რეგულაციები არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებების საქმიანობის მოწესრიგების მიმართულებითაც.

„ჩემი აზრით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2018 წელს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო, ანუ, მონეტარული და საზედამხედველო პოლიტიკა ადეკვატური და წარმატებული იყო“, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

ეროვნული ბანკის მუშაობის 2018 წლის ანგარიში კომიტეტზე დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ წარადგინა. მან დეპუტატების კითხვებსაც უპასუხა.