ირაკლი კოვზანაძე -  13 სასესხო ხელშეკრულებით საქართველოს მთავრობას შესაძლებლობა  აქვს, მოიზიდოს 694 მლნ. ევროს სესხი და თითქმის 44 მლნ. ევროს გრანტი
ირაკლი კოვზანაძე - 13 სასესხო ხელშეკრულებით საქართველოს მთავრობას შესაძლებლობა აქვს, მოიზიდოს 694 მლნ. ევროს სესხი და თითქმის 44 მლნ. ევროს გრანტი

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან საქართველო დაფინანსებას მიიღებს ეტაპობრივად, საიდანაც ნაწილი არის საქართველოს ბიუჯეტის დახმარებისთვის გათვალისწინებული და ნაწილი, – სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტისთვის, – ასე უპასუხა საფინასნო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის დამაზუსტებელ კითხვას სასესხო ხელშეკრულებებთან დაკავშირებით.

„ყველა ეს 13 ხელშეკრულება, რომელიც წარმოდგენილია, საქართველოს მთავრობას შესაძლებლობას აძლევს, მოიზიდოს ჯამში 694 მლნ ევროს დაფინანსება და გრანტი თითქმის 44 მლნ. ევრო. ეს არის შემადგენელი კომპონენტი იმისა, რაზეც ჩვენ ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში ვმსჯელობდით“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

მისი თქმით, დღეს სესიაზე რატიფიცირებისთვის 13 სასესხო ხელშეკრულება განიხილეს.

ანტიკრიზისული გეგმიდან გამომდინარე, საერთო ჯამში საუბარია 1.5 მილიარდ დოლარიან  საერთაშორისო საფინანსო დახმარებაზე.

„როგორც გვახსოვს, დახმარებებიდან პირველი ტრანში 200 მილიონ დოლარზე მეტი საქართველომ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მიიღო, როგორც საბიუჯეტო დახმარება. ასევე, თანხების ნაწილი მიემართება ეროვნული ბანკის რეზერვების გასამყარებლად. საერთაშორისო ფინანსური დახმარებები  გაწერილია 2020 წლის კორექტირებულ ბიუჯეტში გარკვეული  ვალდებულებების დასაფინანსებლად, მათ შორის ჩვენი იმ თანამემამულეების დასახმარებლად, რომლებიც ამ პანდემიის პირობებში ყველაზე მეტად დაზარალდა“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.