ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, სახალხო დამცველის კანდიდატურები მომავალ კვირაში დასახელდება
სახალხო დამცველობის კანდიდატები უახლოეს მომავალში დასახელდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები იქნება პოლიტიკური მიუკერძოებლობა, კეთილსინდისიერება, პატიოსნება და შესაბამისი კვალიფიკაცია.
“წინასწარი კონსულტაციები გვქონდა ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება კანდიდატების დასახელებას, ეს უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ მომავალი კვირის განმავლობაში მოხდება. კრიტერიუმები იქნება ობიექტური, ჩვენ უნდა შევარჩიოთ ისეთი კანდიდატი, რომელიც საუკეთესოდ უზრუნველყოფს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის ზედამხედველობას. ეს არის რა თქმა უნდა, მიუკერძოებლობა, მათ შორის პოლიტიკური მიუკერძოებლობა, ეს არის კეთილსინდისიერება, პატიოსნება. რა თქმა უნდა, შესაბამისი კვალიფიკაცია ადამიანის უფლებების სიღრმისეული ცოდნა. ეს იქნება ის კრიტერიუმები რასაც დაეფუძნება შერჩევის პროცესი და ამ ყველაფრის საფუძველზე შეირჩევა შესაბამისი კანდიდატი”, – განაცხადა კობახიძემ.