ირაკლი კობახიძის განცხადებით, რეგლამენტში ცვლილებების მიზეზი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა და სტრუქტურის ოპტიმიზაციაა
ირაკლი კობახიძის განცხადებით, რეგლამენტში ცვლილებების მიზეზი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა და სტრუქტურის ოპტიმიზაციაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტის რეგლამენტის ცვლილება გამომდინარეობს იქიდან, რომ ამოქმედდება ახალი რეგულაციები, კონსტიტუციის ახალი დებულებები, რომლებიც არ მოქმედებდა მეცხრე მოწვევის პარლამენტისთვის.

მისივე თქმით, განსაკუთრებით ეს ეხება ფრაქციების საკითხს.

კობახიძე განმარტავს, რომ რეგლამენტში ცვლილებების მიზეზი არის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა და სტრუქტურის ოპტიმიზაცია.

„როგორც მოგეხსენებათ, კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, შემდეგ პარლამენტში იქნება იმდენი ფრაქცია, რამდენი პარტიაც დააგროვებს მინიმუმ შვიდ მანდატს. შესაბამისად, ეს რეგულაციები აისახება ახალ რეგლამენტში. თუმცა ამასთან ერთად ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მთლიანად სტრუქტურის ოპტიმიზაცია განგვეხორციელებინა, ეს ეხება, პირველ რიგში, ვიცე – სპიკერების საკითხს, თუმცა ასევე სხვა საკითხებიც არის დაზუსტებული. მიზეზი იყო ეს, ერთი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა და მეორე ის, რომ ოპტიმიზაცია გინდოდა სტრუქტურის“,- განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, თუ რატომ მოხდა რეგლამენტში ცვლილებების პროექტის გაწვევა და ხელახლა შემოტანა, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ეს ტექნიკურ ხარვეზს უკავშირდება.

„გარკვეული ტექნიკური ხარვეზი იყო, მოხდა ისეთი პროექტის ინიცირება, რომელიც არ იყო შეჯერებული, ანუ აპარატში გაიპარა ხარვეზი. შესაბამისად, საბოლოო ჯამში დარეგისტრირდა ის პროექტი, რომელიც იყო შეჯერებული.

ინიცირებული პროექტი არ ითვალისწინებს კომიტეტების რაოდენობის შემცირებას, თუმცა ამასთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართება. რაც არის ინიცირებული, იმ პროექტის თანახმად რჩება 15 კომიტეტი, რომელიც დღეს მოქმედებს, თუმცა მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებითაც იქნება. ძირითადი საფუძველი მსჯელობის იქნება ის, რომ შესაძლოა, არ იყოს ცუდი აქაც ოპტიმიზაცია იმისთვის, რომ ყველა კომიტეტი იყოს თანაბარი დატვირთვის მქონე. დღეს არის საკმაოდ დიდი დატვირთვის კომიტეტები, მაგალითად, როგორიც არის იურიდიული, ეკონომიკური და ა.შ. არის კომიტეტები, რომლებსაც აქვთ დაახლოებით ხუთჯერ, ექვსჯერ ნაკლები დატვირთვა. მიზანი არის რაციონალური სტრუქტურის შემუშავება, თუმცა ვნახოთ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული“,- განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ახალი რეგლამენტით ოპოზიციის გამოსვლების დრო არ მცირდება და განცხადებები, თითქოს ცვლილებების მიზეზი ინტერპელაციის დროს ოპიზიციის გამოსვლების შეზღუდვაა, უსაფუძვლოა.

„რაც შეეხება ინტერპელაციას და ანგარიშის განხილვის პროცედურას, აქ რაიმე პრინციპულად არ იცვლება, უბრალოდ, ხდება ახალ რეალობასთან პროცედურის შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ, გამომდინარე იქიდან, რომ უმრავლესობა და უმცირესობა, როგორც სტრუქტურული ერთეულები აღარ იარსებებს, რეგლამენტის თანახმად, საჭირო იყო ამ ახალ რეალობაზე დროების გადანაწილება. რეალურად, ოპოზიციას რჩება იგივე დრო, რაც ჰქონდა, თუმცა ეს ნაწილდება არა უმცირესობასა და ფრაქციებზე, არამედ მხოლოდ ფრაქციებზე, შესაბამისად, ფრაქციებს ეზრდებათ დრო“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დატოვე კომენტარი