ირაკლი კობახიძის განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების საკითხის შესწავლა აუდიტის სამსახურის ფუნქციაა და მათ შედეგებს უნდა დაელოდონ
ირაკლი კობახიძის განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების საკითხის შესწავლა აუდიტის სამსახურის ფუნქციაა და მათ შედეგებს უნდა დაელოდონ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების საკითხს შესაბამისი ორგანოები შეისწავლიან და მათ შედეგებს უნდა დაელოდონ.

კერძოდ, კობახიძის თქმით, მსგავსი საკითხების შესწავლა აუდიტის სამსახურის უშუალო ფუნქციაა.

„თუ მტკიცდება ასეთი ფაქტი, ბუნებრივია, მას სჭირდება სამართლებრივი რეაგირება. ჩვენ უნდა დაველოდოთ შედეგებს, შესაბამისი ორგანოები, უწყებები არიან პასუხისმგებელი ამ საკითხის შესწავლაზე და როგორც კი ყველაფერს ნათელი მოეფინება, ბუნებრივია, შემდეგ იქნება რეაგირება. ჯერ საჭიროა ამ ყველაფრის პირველადი შესწავლა და ამის შემდეგ საჭიროებისამებრ ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული. ზოგადად, რა თქმა უნდა, დაუშვებელია ჯერ შავი ფულის ტრიალი ქართულ პოლიტიკაში და მეორე, მით უმეტეს დაუშვებელია რუსული ფულის ტრიალი ქართულ პოლიტიკაში. მე რამდენადაც ვიცი, აუდიტის სამსახურის უშუალო ფუნქციაა ასეთი საკითხების შესწავლა და მათ უნდა დაველოდოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარტია „ევროპული საქართველოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების საკითხის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას 25 აგვისტოს მიმართა. ელენე ხოშტარიას თქმით, საქმე ეხება „პატრიოტთა ალიანსის“ შესაძლო რუსულ დაფინანსებას და პლატფორმა „დოსიეზე“ გამოქვეყნებულ სტატიას.

პროკურატურამ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს პროკურატურამ „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების კანონიერების ფაქტზე შესული განცხადება განიხილა და შემდგომი რეაგირებისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაუგზავნა.