ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, რადგან ეკონომიკური ზრდის შედეგად ბიუჯეტში დამატებით მილიარდი ლარის აკუმულირება მოხდა
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, რადგან ეკონომიკური ზრდის შედეგად ბიუჯეტში დამატებით მილიარდი ლარის აკუმულირება მოხდა

გამომდინარე იქიდან, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გვაქვს, აღარ აქვს ფინანსური დატვირთვა იმას, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირისგან მაკროფინანსურ დახმარებას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ყველაფერი ევროკავშირის გადასაწყვეტია.

კითხვაზე, რა რესურსით აპირებს მთავრობა დააკომპენსიროს ფინანსური დახმარების მეორე ტრანშით გათვალისწინებული 75 მილიონი, თუკი ევროკავშირი ქვეყანას მის გამოყოფაზე უარს ეტყვის, კობახიძემ აღნიშნა, მაღალი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, ბიუჯეტში დამატებით 1 მლრდ ლარამდე აკუმულირება მოხდა.

„ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს პუნქტს, გამომდინარე იქიდან, რომ არის 75 მლნ ევროს კრედიტი. მადლობა ღმერთს, ეკონომიკური ვითარება განსხვავებულია. ბიუჯეტში დამატებით დაახლოებით 1 მლრდ ლარის აკუმულირება მოხდა პროგნოზირებადთან შედარებით და გამომდინარე იქიდან, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელია, ამას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს.

რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ყველაფერი ევროკავშირის გადასაწყვეტია, მაგრამ რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ის მოქმედებს, პირველი – ქვეყნის ინტერესების შესაბამისად და მეორე – ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ობიექტური ინტერესების შესაბამისად.

ტერმინი სანქცია იქნება სრული სპეკულაცია. ვნახოთ, რა გადაწყვეტილება მიიღება. ფინანსური თვალსაზრისით, ამ კრედიტმა აქტუალობა დაკარგა, თუმცა, რაც შეეხება პოლიტიკურ დატვირთვას, ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს ეს პოლიტიკური დატვირთვა, თუმცა სანქციებზე ლაპარაკი არის ცარიელი სპეკულაცია.

ჩვენ ჩავატარეთ საპარლამენტო არჩევნები, რომელიც აღიარა ეუთო/ოდირმა, როგორც კონკურენტული და თავისუფალი, ეს იყო მისი შეფასება. ასეთად აღიარებული არჩევნების მიუხედავად, ოპოზიცია გადავიდა საბოტაჟის რეჟიმზე და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არანაირი ვალდებულება არ გვქონდა ამის, ხელი მოვაწერეთ 19 აპრილის შეთანხმებას. ამის შემდეგ გადის 100 დღე და ოპოზიციის დიდი ნაწილი – 8-დან 4 ბარიერგადალახული პარტია და ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი, კვლავ არ აწერს ხელს დოკუმენტს, რომელსაც ხელი მოვაწერეთ რეალურად ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ასეთ დროს ერთადერთი ლოგიკური ნაბიჯი იყო შეთანხმების ანულირება.

რაც შეეხება მოსამართლეების არჩევის საკითხს, ეს მოხდა თავიდან ბოლომდე 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად. ეს ძალიან კარგად იციან იმ ადამიანებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ შესაბამის მოლაპარაკებებში“, – განაცხადა კობახიძემ.