ირაკლი კობახიძემ სერბეთში საქართველოს საკონსულო გახსნა
ირაკლი კობახიძემ სერბეთში საქართველოს საკონსულო გახსნა

სერბეთი არის პრიორიტეტული ქვეყანა ჩვენთვის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასთან გვქონდეს მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული ურთიერთობები,- ამის შესახებ სერბეთში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნისას განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და ამ კონტექსტში, დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის მნიშვნელობაზე.

„ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს საერთო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავაღრმავოთ კიდევ უფრო მეტად პოლიტიკური ურთიერთობები ჩვენს ორ ქვეყანას შორის. ასევე, არის ძალიან დიდი პერსპექტივა ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კუთხით, ასევე, კულტურის, განათლების, მეცნიერების სფეროში შეგვიძლია ურთიერთობების გაღრმავება და ბუნებრივია, დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნას ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მისი ვიზიტის ფარგლებში, სერბეთის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ დაიწყება მუშაობა უახლოეს თვეებში, თბილისში, სერბეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის გასახსნელად.

კითხვაზე, მიიღებს თუ არა საკონსულო საელჩოს სახეს, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ წარმომადგენლობის გახსნა პირველი ნაბიჯია დიპლომატიური ურთიერთობების თანდათან განსავითარებლად.

„იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ, ბუნებრივია, გავხსნით საელჩოს სერბეთის რესპუბლიკაში. ეს არის მნიშვნელოვანი, იქიდან გამომდინარე, რომ სერბეთი არის პრიორიტეტული ქვეყანა ჩვენთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული ურთიერთობები სერბეთის რესპუბლიკასთან. არის ძალიან ბევრი რამ, რაც ჩვენ გვაერთიანებს, როგორც საერთო გამოწვევები, ასევე, საერთო მიზნები და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია დიპლომატიური ურთიერთობების თანდათანობით განვითარება“,- განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.