ირაკლი კობახიძემ სასამართლოს მიმართა - თქვენზეა დამოკიდებული, ქვეყანას დარჩება თუ არა კონსტიტუცია, საქართველო დარჩება საპარლამენტო რესპუბლიკად თუ გაურკვეველ ჰიბრიდულ სისტემად გადაიქცევა
თქვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, საქართველოს დარჩება თუ არა კონსტიტუცია, საქართველო დარჩება საპარლამენტო რესპუბლიკად თუ გადაიქცევა გაურკვეველ ჰიბრიდულ სისტემად, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა და მოსამართლეებს მიმართა.
ირაკლი კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოზეა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა.
„მოგმართავთ, პატივცემულო სასამართლო, მოსამართლეებო, რეალურად, თქვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, საქართველოს დარჩება კონსტიტუცია თუ არ დარჩება. ამ დონეზე დგას საკითხი; თქვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, საქართველო დარჩება საპარლამენტო რესპუბლიკად თუ გაურკვეველ ჰიბრიდულ სისტემად გადაიქცევა. ჩვენ თუ იმ ლოგიკას გავყვებით, რომ 49-ე მუხლი ადგენს უფლებამოსილებებს, სრულ ქაოსში გადაგვყავს სისტემა, რაც დაუშვებელია. ჩემი მხრიდან არ სჭირდება პასუხისმგებლობის შეხსენება, მაგრამ მიმაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოზე არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ამ თვალსაზრისით. სასამართლოს სწორმა გადაწყვეტილებამ უნდა შეუნარჩუნოს ქვეყანას კონსტიტუცია და საპარლამენტო მმართველობის სისტემა, რომელიც ამ კონსტიტუციით არის დადგენილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.