ირაკლი კობახიძემ „გერმანული ენის თვე 2019“ გახსნა
ირაკლი კობახიძემ „გერმანული ენის თვე 2019“ გახსნა

გერმანულმა ენამ ბევრ ქართველ ახალგაზრდას გაუხსნა გზა ევროპული განათლების მიღებისკენ. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის როლი ჩვენი სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში, გამორჩეულია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გერმანული ენის თვის საზეიმო გახსნაზე განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტი, რომელიც გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის საელჩოების ორგანიზებით, წელს უკვე მეშვიდედ იმართება, ირაკლი კობახიძემ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა, ჰუბერტ კნირშმა, ავსტრიის რესპუბლიკის ელჩმა, არად ბენკომ და შვეიცარიის კონფედერაციის ელჩმა, პატრიკ ფრანცენმა გახსნეს.

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გერმანული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გერმანული ენა ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მისივე თქმით, გერმანული ენის ფლობამ ბევრ ქართველ ახალგაზრდას გზა გაუხსნა ხარისხიანი ევროპული განათლებისა და შესაბამისად, ფართო შესაძლებლობებისკენ.

ირაკლი კობახიძემ გერმანიასთან, ავსტრიასა და შვეიცარიასთან არსებულ მჭიდრო ურთიერთობასა და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობასა და დემოკრატიის განმტკიცებაში მეგობარი ქვეყნების მიერ შეტანილ განსაკუთრებულ წვლილზეც.

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, გერმანული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებისა და გერმანისტების გამორჩეულ როლზე გაამახვილა ყურადღება. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა განსაკუთრებული წვლილი, რომელიც მთარგმნელებს საზღვარგარეთ ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციასა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, მნიშვნელოვანი წარმატებების მოპოვების საქმეში შეაქვთ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, „გერმანული ენის თვის”აღსანიშნავი პროგრამა მასშტაბური და მრავალფეროვანია. ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ყოველწლიური ინიციატივა გერმანული ენის შესწავლისა და გერმანულენოვანი ქვეყნების კულტურის გაცნობის სურვილს კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას გაუჩენს.​