ირაკლი კობახიძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს
ირაკლი კობახიძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა წილკანში არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე ქართული გამოძიება ბევრ რამეს დაადგენს.

​სიმართლე გითხრათ, ძალიან იშვიათად არ ვიცი ხოლმე, რა უნდა ვთქვა მედიის წინაშე. გულწრფელად გითხრათ, რთულია ემოციების გამოხატვა, თუმცა ჩვენ ალბათ შეუძლებელი უნდა შევძლოთ. უნდა მოვახერხოთ, რომ ასეთი შემთხვევები არ დაგვემართოს და ვფიქრობ, დადგება დრო, როცა დავიბრუნებთ ოკუპირებულ ტერიტორიებს და ასევე, ჩვენს ხალხს.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს. ქართული გამოძიება დაადგენს ბევრ რამეს და უნდა ვიფიქროთ, რაც შეიძლება ხშირად და რაც შეიძლება მეტი ასეთი დანაშაულებისა და ასეთი სისასტიკის პრევენციაზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძის თქმით, რთულია, მტკიცებულებები მოიპოვო ტერიტორიაზე, როცა მას ვერ აკონტროლებ.

„გულწრფელი რომ ვიყო, ძალინ რთულია, როცა ვერ აკონტროლებ ტერიტორიას, იქ მტკიცებულებები მოიპოვო. მაგრამ ჩვენ ამისათვის მივიღეთ რეზოლუცია, ამისათვის მივმართავთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო მექანიზმი ჩაერთოს ამ ყველაფერში, რომ შედარებით ადვილი გახდეს პროცესი. ეს ბოლომდე ადვილი ვერ გახდება, სანამ ჩვენს ტერიტორიებსა და ხალხს არ დავიბრუნებთ, მაგრამ შედარებით გაადვილება. ჩვენ ეს უნდა მოვახერხოთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, 20 მარტს გადმოასვენეს. ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ექსპერტიზას წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ წარმომადგენელიც დაესწრო. „ემპათიას“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, წინასწარი მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც დიდი ალბათობით წამების კვალზე მიუთითებს.

არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით 24 მარტს დაკრძალავენ.

დატოვე კომენტარი