ირაკლი კობახიძემ აშშ-ის კონგრესის დელეგაციას უმასპინძლა
ირაკლი კობახიძემ აშშ-ის კონგრესის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოში ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ოფიციალურ ვახშამზე ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მოსაზრებები გაცვალეს და ქვეყნებს შორის მოკავშირეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს, რეგიონში დემოკრატიით გამორჩეული ქვეყნის სტატუსი აქვს და საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

მხარეები ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესსა და საქართველოს პარლამენტს შორის დელეგაციების ურთიერთობების შესამჩნევ გააქტიურებას მიესალმნენ და სამომავლო ურთიერთობების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ირაკლი კობახიძესთან ერთად, ვახშამს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი ესწრებოდნენ.​