ირაკლი კობახიძემ ანა ბუჩუკურს მიმართა - მოიკითხეთ, ვისგან არის პრივილეგირებული მოსამართლე, რომელიც პოლიტიკურ პლატფორმას აძლევს სააკაშვილს, კვალი შეიძლება მივიდეს იქ, სადაც თქვენი კვალიც მიდის
ირაკლი კობახიძემ ანა ბუჩუკურს მიმართა - მოიკითხეთ, ვისგან არის პრივილეგირებული მოსამართლე, რომელიც პოლიტიკურ პლატფორმას აძლევს სააკაშვილს, კვალი შეიძლება მივიდეს იქ, სადაც თქვენი კვალიც მიდის

რბილად რომ ვთქვათ, არასწორია, როცა სასამართლო პირდაპირ ეთერში გადასცემს მიხეილ სააკაშვილის გამოსვლებს, თუმცა შეგიძლიათ, მოიკითხოთ, ვისგან და რატომ არის ეს კონკრეტული მოსამართლე პრივილეგირებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში დეპუტატ ანა ბუჩუკურის კითხვის პასუხად განაცხადა.

ანა ბუჩუკურმა ირაკლი კობახიძეს დაუსვა კითხვა, რომლის თანახმადაც: „ნამდვილად პრივილეგირებულ მდგომარეობაში გყავთ საკაშვილი, მას ეკრძალება პარტიული საქმიანობა, მაგრამ თქვენი ტელევიზიები პირდაპირ ეთერში გადასცემენ სააკაშვილის სასამართლო სხდომას. როგორ ატარებს საკააშვილი, მაგალითად, პარტიულ თათბირებს და მონაწილეობს პარტიულ საქმიანობაში, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობით, მას აკრძალული აქვს? რატომ აძლევთ მას სისტემურად ამის უფლებას?“

კობახიძის თქმით, ლეგიტიმურია ნებისმიერი შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება, სასამართლო იყოს გამოყენებული, როგორც პოლიტიკური სიტყვის პლატფორმა.

„რაც შეეხება კიდევ ერთ თემას, რატომ გადასცემს სასამართლო პირდაპირ ეთერში მიხეილ სააკაშვილის გამოსვლებს. ნამდვილად არასწორი მოვლენაა, რბილად რომ ვთქვათ, არასწორი, თუმცა შეგიძლიათ, მოიკითხოთ, ვისგან და რატომ არის ეს კონკრეტული მოსამართლე პრივილეგირებული. რატომ სარგებლობს ეს კონკრეტული მოსამართლე, რომელიც პოლიტიკურ პლატფორმას აძლევს მიხეილ სააკაშვილს სასამართლო სხდომათა დარბაზში, ვისგან და რატომ არის ეს კონკრეტული მოსამართლე პრივილეგირებული. აქ ამაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. ჯერ კიდევ დეპუტატი ვარ და ამით ვსარგებლობ, აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან უფრო მეტად გამიჭირდება კომენტარების გაკეთება, მაგრამ დღეს ჯერ კიდევ შემიძლია, გავაკეთო ასეთი კომენტარი. რა თქმა უნდა, ლეგიტიმურია ნებისმიერი შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება, სასამართლო იყოს გამოყენებული, როგორც პოლიტიკური სიტყვის თქმის პლატფორმა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მოიკითხეთ, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე. საბოლოო ჯამში, კვალი შეიძლება მივიდეს იქ, სადაც თქვენი კვალიც მიდის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ანა ბუჩუკურის კითხვაზე პასუხისას.