ირაკლი კობახიძე - ზედამხედველობა ჩვენი საერთო ტკივილია
ირაკლი კობახიძე - ზედამხედველობა ჩვენი საერთო ტკივილია

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას ითვალისწინებს.

როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე კობახიძემ განაცხადა, მსჯელობა უნდა გაიმართოს იმაზე, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გასაძლიერებლად მექანიზმები როგორ უნდა დაიხვეწოს.

„ზედამხედველობა ჩვენი საერთო ტკივილია. ეს არის ის, რაც ყველას გვტკივა. გვინდა, რომ პარლამენტი უფრო ძლიერი გახდეს, რისი ერთ-ერთი მექანიზმიც ის ცვლილებებია, რომელიც რეგლამენტში უნდა განხორციელდეს.

რეგლამენტში მექანიზმები დღესაც გაწერილია, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ პარლამენტმა თავისი მაკონტროლებელი ფუნქციები განახორციელოს, თუმცა ამ მექანიზმების დახვეწა შესაძლებელია იმგვარადაც, რომ პარლამენტს თავისი საზედამხედველო ფუნქციების განხორციელება გაუადვილდეს. ეს პროცესი იმ კვირიდან გაიხსნება და ერთად უნდა ვიმსჯელოთ, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გასაძლიერებლად მექანიზმები როგორ უნდა დაიხვეწოს. ვფიქრობ, რომ მომზადებული პროექტი ამ მიზნის მიღწევას უზრუნველყოფს, დანარჩენი ჩვენი საერთო მსჯელობის საგანი იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ფარგლებში მომზადებულია რეგლამენტის პროექტი, რომლის ინიცირება ჯერ არ მომხდარა.