ირაკლი კობახიძე - ყველაზე მდიდარ „ენჯეოებს“ კომპეტენტური კადრები არ ჰყავთ, გადახედონ სხვა ქვეყნების პრაქტიკას და ანგარიშებში სისულელეს აღარ ჩაწერენ
ირაკლი კობახიძე - ყველაზე მდიდარ „ენჯეოებს“ კომპეტენტური კადრები არ ჰყავთ, გადახედონ სხვა ქვეყნების პრაქტიკას და ანგარიშებში სისულელეს აღარ ჩაწერენ

ლოგიკურია, რომ საპარლამენტო ფორმატში მეტი კითხვა ისმება ოპოზიციის მხრიდან და არა – უმრავლესობის. გადახედონ სხვა ქვეყნების პრაქტიკას და ანგარიშებში სისულელეს აღარ ჩაწერენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ანგარიშთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, კობახიძეს კითხვით მიმართეს, როგორ შეაფასებდა ანგარიშის იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც, „მინისტრის საათის“ დროს უმრავლესობიდან ნაკლებად ისმის კრიტიკული კითხვები და ისინი მადლიერებას გამოხატავენ ანგარიშვალდებული მინისტრის მიმართ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, გუნდის წევრების მიმართ მადლიერების გამოხატვა ჩვეულებრივი ამბავია.

„კომპეტენციის ნაკლებობა იმდენად დიდი პრობლემაა ენჯეოსექტორში, რომ ასეთი რაღაცები აღარ გვიკვირს. მინისტრი არის მმართველო პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, გუნდის ერთ-ერთი წევრი, ლიდერი. რა თქმა უნდა, მმართველ გუნდს აქვს მინისტრთან კომუნიკაციის ბევრად ფართო საშუალება, ვიდრე საპარლამენტო ოპოზიციას. ავიღოთ ნებისმიერი ქვეყნის პრაქტიკა, ლოგიკურია, რომ საპარლამენტო ფორმატში მეტი კითხვა ისმება ოპოზიციის მხრიდან და არა – უმრავლესობის. ელემენტარულად, გადახედონ სხვა ქვეყნების პრაქტიკას და საკუთარ ანგარიშებში ასეთ სისულელეს აღარ ჩაწერენ. არ შეიძლება, ამ დონეზე არაკომპეტენტური ხალხი მუშაობდეს ყველაზე მდიდარ „ენჯეოებში“. ჩვეულებრივი ამბავია, რომ შენი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი მოდის პარლამენტში და კითხვები ისმება. კითხვა უამრავია სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით, რაც აინტერესებთ დეპუტატებს. მადლიერების გამოხატვა ჩვეულებრივი ამბავია, მით უმეტეს, როცა საუბარია საკუთარი პოლიტიკური გუნდის წევრებზე. ოპოზიციამ ხანდახან მაინც რომ გამოხატოს მადლიერება ისეთ თემებზე, სადაც შეიძლება, არავითარი კითხვის ნიშანი არ იყოს, ესეც კარგი იქნებოდა. ყველა ქვეყანაში ხდება, როცა შენი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი მოდის და მას მადლობას უხდი. ელემენტარული უცოდინარობის ამბავია. წარმოიდგინეთ, ყველაზე მდიდარ „ენჯეოებს“ არ ჰყავთ კომპეტენტური კადრები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მე-10 მოწვევის პარლამენტის მიერ უსაფრთხოების სექტორზე საზედამხედველო ფუნქციების შესრულების შესახებ კვლევის შედეგები წარადგინა. როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ აცხადებენ, კვლევისას გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი პრობლემა, მათ შორის ის, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს ინფორმაციის მოთხოვნის, თანამდებობის პირის კომიტეტის სხდომაზე დაბარების მექანიზმით არ უსარგებლია.