ირაკლი კობახიძე - ყველას მოვუწოდებდი, პატივი სცენ სამართლის უზენაესობას ამ ქვეყანაში, „ნაცმოძრაობის“ ლობისტები ქართული მართლმსაჯულების პოლიტიზებას ვერასდროს ვეღარ განახორციელებენ
ირაკლი კობახიძე - ყველას მოვუწოდებდი, პატივი სცენ სამართლის უზენაესობას ამ ქვეყანაში, „ნაცმოძრაობის“ ლობისტები ქართული მართლმსაჯულების პოლიტიზებას ვერასდროს ვეღარ განახორციელებენ

განცხადებები, რომლებიც დაცლილია ევროპული ღირებულებებისგან, რა თქმა უნდა, ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავებას უწყობს ხელს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს რამდენიმე ევროპარლამენტარის, მათ შორის ანა ფოტიგას წერილზე, სადაც საუბარია, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეჩერდეს.

„ამასთან დაკავშირებით ძალიან მძიმე პოზიცია მაქვს. მარტივად გეტყვით, ქართულმა საზოგადოებამ და საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველაფერი იციან სააკაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულთა შესახებ, მათ შორის იმ დანაშაულებზე, რომლებზეც ის უკვე არის მსჯავრდებული. შეგახსენებთ, რომ ის არის არა წინასწარ პატიმრობაში, არამედ პატიმრობაში კონკრეტული განაჩენების საფუძველზე. ასევე, არის მინდინარე საქმეები, რომლებიც ეხება 7 ნოემბერს, ტელეკომპანია „იმედის“ დარბევას. თუ რომელიმე ევროპარლამენტარი იტყვის, რომ „იმედი“ არ დარბეულა, 7 ნოემბერი არ ყოფილა და ა.შ. მაშინ, შეიძლება, სტრასბურგზეც ვიმსჯელოთ და ა.შ. მაგრამ ყველამ ხომ კარგად იცის, რომ მიხეილ სააკაშვილმა „იმედი“ არა მხოლოდ დაარბია, არამედ შემდეგ უკანონო გზით მიისაკუთრა მოროდიორული ფორმით, როცა ტელევიზია ბადრი პატარკაციშვილსა და მის ოჯახს წაართვა. ეს კაცი არის ჩვეულებრივი მოროდიორი, რასაც არავითარი სტრასბურგი არ სჭირდება. მათ შორის ერთ-ერთ საქმეზე, გირგვლიანის საქმეზე შეფარდებული აქვს სასჯელი, სტრასბურგმა დაადასტურა მისი დანაშაულებრივი ქმედება. შესაბამისად, კონკრეტული ევროპარლამენტარების ამ განცხადებას ძალიან მძიმე შეფასება უნდა მიეცეს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, 2012 წლიდან მოყოლებული ერთი და იგივე სახეები, ერთი და იგივე ლობისტები საუბრობენ, რომ არ შეიძლება ვიღაცის დაჭერა, დამნაშავის ციხეში გაშვება და ა.შ.

„ასეთი განცხადებები ქვეყანაში ხელს უწყობს პოლარიზაციას და ეს არის ძალიან ცუდი. გარდა ამისა, საერთო ეფექტიც აქვს ცუდი პოლარიზაციის გარდა. ეს აჩენს დაუსჯელობის განცდებს და ა.შ. აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებდი, რომ პატივი სცენ კანონისა და სამართლის უზენაესობას ამ ქვეყანაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარკვეული წვლილის შემტანი იქნებიან იმ პოლარიზაციაში, რაც ქვეყნისთვის არის დამაზიანებელი. ნუ დააზიანებენ ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, გიორგი რურუასა და გიგი უგულავას გათავისუფლება იყო მართლმსაჯულების პოლიტიზების ძალიან ცუდი მაგალითი, როდესაც კონკრეტული ევროპარლამენტარები ერეოდნენ ქართულ მართლმსაჯულებაში.

„ამას დაესვა წერტილი და არავის აღარ მივცემთ საშუალებას, განახორციელოს ქართული მართლმსაჯულების პოლიტიზება ასეთი განცხადებებით. „ნაცმოძრაობის“ ლობისტები ქართული მართლმსაჯულების პოლიტიზებას ვერასდროს ვეღარ განახორციელებენ. განცხადებები, რომლებიც დაცლილია ევროპული ღირებულებებისგან, რა თქმა უნდა, ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავებას უწყობს ხელს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.