ირაკლი კობახიძე - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა საქართველოს დროშა ნატო-სა და ევროკავშირში აღიმართოს
საქართველოს დროშა წარმოადგენს სახელმწიფოსა და საზოგადოების ისტორიულ გზას, იმ ღირებულებებს, რომელსაც საუკუნეები ეფუძნებოდა ჩვენი საზოგადოება და რაც აერთიანებდა საერთო ევროპულ ოჯახთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში გამართულ საზეიმო მიღებაზე განაცხადა.
„დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან დაიწყო მუშაობა ამ სიმბოლოს და სხვა სახელმწიფო სიმბოლოების აღდგენაზე. ძალიან დიდი სამუშაოა გაწეული იმისათვის, რომ საბოლოოდ დადგენილიყო, თუ როგორი დროშა ჰქონდა ქართულ სახელმწიფოს ისტორიული დროიდან, როგორ იცნობდნენ, რა სიმბოლოებით გამოსახავდნენ საქართველოს მსოფლიოში. ამ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, 1999 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება სახელმწიფო ატრიბუტიკის შეცვლის თაობაზე და ამის საფუძველზე, 2004 წლის 14 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დადგენილებას ხუთჯვრიანი დროშის სახელმწიფო დროშად დადგენის შესახებ. შესაბამისად, 14 იანვარი გამოცხადდა სახელმწიფო დროშის დღედ. მინდა აღვნიშნო, რომ ბატონ ელდარ შენგელაიას დიდი წვლილი მიუძღვის ამ ყველაფერში. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს დროშა ერთ-ერთი უძველესი დროშაა მსოფლიოში და წარმოადგენს არა ერთი სახელმწიფო წყობილების, ერთი ხელისუფლების ან ერთი პარტიის სიმბოლოს, არამედ წარმოადგენს სახელმწიფოს და საზოგადოების ისტორიულ გზას, იმ ღირებულებებს, რომელსაც საუკუნეები ეფუძნებოდა ჩვენი საზოგადოება და რაც აერთიანებდა საერთო ევროპულ ოჯახთან. ამ დროშას იცნობენ და იცნობდნენ მთელ მსოფლიოში, დიდ პატივს მიაგებენ მას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოს ეროვნული დროშა აღიმართოს ნატო-სა და ევროკავშირში.
„დღევანდელ დღეს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ შესასრულებელი გვაქვს რამდენიმე გამორჩეული მნიშვნელობის მისია. უპირველეს ყოვლისა, ეს არის საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვა ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქის ოცნება და სურვილი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად ახდება. ჩვენი უმნიშვნელოვანესი მიზანია, ჩვენი წინაპრების დაწყებული საქმის გაგრძელება და ქართველი ხალხის ისტორიული ნების შესრულება. ეს არის საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც გავაგრძელებთ დაუღალავ ძალისხმევას, რათა საქართველოს ეროვნული დროშა აღიმართოს ნატო-სა და ევროკავშირში“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.