ირაკლი კობახიძე - ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს არავინ შეეხოს
ირაკლი კობახიძე - ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს არავინ შეეხოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უფლებები დაცული იყოს.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ ცხინვალში, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით კომენტარისას განაცხადა.

„ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია ის, რაც მოხდა ცხინვალში. ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეების უფლებები იყოს დაცული და არავინ შეეხოს მათ სიცოცხლეს. ამისათვის უნდა გაკეთდეს ყველაფერი“,- განაცხადა კობახიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი,ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა კვლავ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩებიან.