ირაკლი კობახიძე – ყველა ზომა იქნება მიღებული, რათა თელავი მაქსიმალურად დაცული იყოს ასეთი მოვლენებისგან, მიმაჩნია, რომ არასწორად იყო გაცემული მშენებლობის ნებართვები, დანარჩენს შესაბამისი უწყებები დაადგენენ
ინფრასტრუქტურის, რეგიონული განვითარების, სოფლის მეურნეობის, შინაგან საქმეთა სამინისტროები, სამაშველო სამსახური სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში აქტიურად იყვნენ ჩართული. სწორედ კოორდინირებული მუშაობის შედეგი იყო, რომ მაქსიმალურად სწრაფ ტემპებში მოხერხდა თელავის გაწმენდა სტიქიის შედეგებისგან. რა თქმა უნდა, სამუშაოები ამ მიმართულებით გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა უწებებს, რომლებიც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობდნენ.
კითხვაზე, არის თუ არა ქაოტური მშენებლობები იმის მიზეზი, რაც მოხდა თელავში, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მშენებლობის ნებართვები ნამდვილად არასწორად იყო გაცემული.
„რაც შეეხება მშენებლობის ნებართვებს, ნამდვილად არასწორად იყო გაცემული, მე ასე მიმაჩნია, თუმცა დანარჩენს, რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყებები დაადგენენ. არასწორად იყო გაცემული ნებართვები რამდენიმე კომერციულ ობიექტზე, რამაც გაამძაფრა ეს პრობლემა. ასეთი მოვლენებისგან მომავალში მაქსიმალურად უნდა იყოს დაზღვეული თითოეული ქალაქი და ყველა ზომა იქნება მიღებული, რათა თელავი მაქსიმალურად იყოს დაცული მომავალში ასეთი ტიპის მოვლენებისგან. შესაბამისი ორგანოები ნახავენ, რამდენად იყო არასწორად გაცემული, თუ იყო არასწორად გაცემული, ვინ არის პასუხისმგებელი და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი დადგინდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, „იგეგმება თუ არა გაფრთხილების სისტემების დამონტაჟება ისეთ ადგილებში, რომლებიც განსაკუთრებით საშიშია“, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველა რეგიონში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ეს პროცესი.
„არა მარტო იგეგმება, არამედ აქტიურად გრძელდება ეს პროცესი აბსოლუტურად ყველა რეგიონში. ეს არის პროცესი, რომელიც ძალიან აქტიურად წარიმართება, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში და ამის თაობაზე სტატისტიკასაც მუდმივად ვაზიარებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.