ირაკლი კობახიძე - ყველა ოლიგარქი, ვინც პოლიტიკაშია ჩართული, ჩართულია ოპოზიციის სასარგებლოდ და მათ აფინანსებს, კეზერაშვილი, ხაზარაძე, ჭუტა და ასე შემდეგ 
ირაკლი კობახიძე - ყველა ოლიგარქი, ვინც პოლიტიკაშია ჩართული, ჩართულია ოპოზიციის სასარგებლოდ და მათ აფინანსებს, კეზერაშვილი, ხაზარაძე, ჭუტა და ასე შემდეგ 

ყველა ოლიგარქი, ვინც პოლიტიკურად აქტიურია, არის ოპოზიციის მხარეს აქტიური და ამიტომ აღარ მოუნდათ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ბოლოს იტყვიან, ქვეყანას დეოლიგარქიზაციაც არ სჭირდებაო და პირიქით, შეიძლება, ოლიგარქიზაციაც მოითხოვონ. იმიტომ, რომ ყველა ოლიგარქი, ვინც პოლიტიკაშია ჩართული, ჩართულია მათ სასარგებლოდ და მათ აფინანსებს. აი, ეს არის დღევანდელი რეალობა“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, როგორც კი უკრაინული კანონის საქართველოში გადმოტანა მოხდება, ყველა ნახავს, რომ ეს კანონი ბიძინა ივანიშვილზე არ ვრცელდება.

„ისინი მთლიანად ბიძინა ივანიშვილზე აკეთებენ აქცენტს, როცა დეოლიგარქიზაციაზე საუბრობენ, მაგრამ ეს კანონი პირდაპირ ვრცელდება არაერთ ისეთ ოლიგარქზე, რომელიც პირდაპირ აფინანსებს ოპოზიციას, ან პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში – კეზერაშვილი, ხაზარაძე, ჭუტა და ა.შ.“, – განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ თუ კონსენსუსი იქნება, დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონი მიიღება.

„სამუშაო ჯგუფი ახალი შექმნილია, ახლა დაიწყო განხილვა და ჯერ, წინ არის მთელი პროცესი. წინ არის სექტემბერი, ოქტომბერი და ამ დროისთვის უნდა მოხდეს კანონპროექტის ინიცირება, მერე, ნოემბერში მიღება და შევხედოთ, მანამდე როგორ წარიმართება პროცესები“, – განაცხადა კობახიძემ.