ირაკლი კობახიძე - წინა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა საზოგადოების სტრუქტურის მოსაშლელად, ამას მოჰყვა ფსევდოელიტის ფორმირება, რომელიც დღემდე სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზეა
ირაკლი კობახიძე - წინა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა საზოგადოების სტრუქტურის მოსაშლელად, ამას მოჰყვა ფსევდოელიტის ფორმირება, რომელიც დღემდე სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზეა

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა საზოგადოების მყარი სტრუქტურის არარსებობა, რაც მას შიდა და, კიდევ უფრო მეტად, გარე საფრთხეების მიმართ განსაკუთრებულად მოწყვლადს ხდის.

როგორც კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, „2004-2012 წლებში მაშინდელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა საზოგადოების სტრუქტურის მოსაშლელად, ინტელიგენციის „ჩასარეცხად“, სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, რასაც მოჰყვა ფსევდოელიტის ფორმირება, რომელიც დღემდე საქართველოში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის პროპაგანდით არის დაკავებული  და სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე დგას“.

„სამოქალაქო საზოგადოება დაარქვეს არა ნიჭით, ინტელექტითა და განათლებით გამორჩეულ ადამიანებს, არამედ შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე რამდენიმე ჯგუფს, რაც ქართული საზოგადოების დეგრადაციისკენ მიმართული შეგნებული ნაბიჯი იყო. ეს ყველაფერი მით უფრო შემაშფოთებელია, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავს გამორჩეულად ნიჭიერი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, შეასრულონ მისაბაძი მაგალითის როლი საზოგადოების ფართო ფენებისთვის. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ადამიანები არ ქმნიან ერთიან სამოქალაქო საზოგადოებას და, შესაბამისად, მათ ვერ შეაქვთ სათანადო წვლილი საზოგადოების კონსოლიდაციაში საერთო-ეროვნული მიზნების გარშემო“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.