ირაკლი კობახიძე - წელს უნდა უზრუნველვყოთ უნივერსიტეტების ორი-სამი ათასი კურსდამთავრებულის მიერ სულ მცირე, ოთხთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა სახელმწიფო სტრუქტურებში
ირაკლი კობახიძე - წელს უნდა უზრუნველვყოთ უნივერსიტეტების ორი-სამი ათასი კურსდამთავრებულის მიერ სულ მცირე, ოთხთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა სახელმწიფო სტრუქტურებში

პარლამენტმა, როგორც მოგეხსენებათ, შარშან მიიღო კანონი ახალგაზრდებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობის მინიჭების შესახებ. ეს კანონი საჭიროებს ეფექტიან აღსრულებას და მინდა, გაგაცნოთ ჩემი გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ კანონის აღსრულება საპილოტე რეჟიმში დაიწყება უკვე წელსვე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, წელს უნდა იქნას უზრუნველყოფილი უნივერსიტეტების ორი-სამი ათასი კურსდამთავრებულის მიერ ოთხთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა სახელმწიფო სტრუქტურებში.

„გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობის საფუძველზე, ახალგაზრდებს უნდა მივცეთ საშუალება, მუნიციპალურ და კერძო სტრუქტურებშიც გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება. მინდა, ვთხოვო განათლების მინისტრს, ფინანსთა მინისტრთან კოორდინაციით, მთავრობის შემდეგი სხდომისთვის უკვე წარმოვადგინოთ დეტალური გეგმა, რომლის საფუძველზეც ახალგაზრდები, კურსდამთავრებულები გაივლიან ანაზღაურებად სტაჟირებას, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ისე მუნიციპალიტეტებში და ასევე, თანამშრომლობის საფუძველზე კერძო სექტორში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.