არჩილ თალაკვაძე - ვიზიარებთ ელჩების მოწოდებას და მივმართავთ „ნაციონალური მოძრაობისა” და „ევროპული საქართველოს” ფრაქციებს, მხარი დაუჭირონ დიალოგით შეთანხმებულ ცვლილებებს
ვიზიარებთ ელჩების მოწოდებას და კიდევ ერთხელ მივმართავთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და „ევროპული საქართველოს” საპარლამენტო ფრაქციებს, მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში და მხარი დაუჭირონ დიალოგით შეთანხმებულ ცვლილებებს, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში, რომლითაც არჩილ თალაკვაძე 8 მარტის შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორი ელჩების მოწოდებას ეხმაურება.
თალაკვაძის თქმით, პოლიტიკურ პარტიებს შორის საკითხზე მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.
„მივესალმებით პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორი ელჩების ერთობლივ განცხადებას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე. მიგვაჩნია, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის, ამ საკითხზე მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.
ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან 21 ივნისს დაგეგმილ სესიაზე კონსტიტუციური კანონის პროექტს სრული მხარდაჭერა ექნება.
მივესალმებით საპარლამენტო ოპოზიციის იმ ნაწილის გადაწყვეტილებას, ვინც უკვე საჯაროდ დაადასტურა მხარდაჭერა აღნიშნული ცვლილებების მიმართ.
სრულად ვიზიარებთ რა ელჩების მოწოდებას, კიდევ ერთხელ მივმართავთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და „ევროპული საქართველოს” საპარლამენტო ფრაქციებს, მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში და მხარი დაუჭირონ დიალოგით შეთანხმებულ ცვლილებებს“, – აღნიშნულია არჩილ თალაკვაძის განცხადებაში.