ირაკლი კობახიძე - ვინმეს თუ სურს პოლარიზაციის დასრულება, უპირველესად, უნდა მოუწოდოს ოპოზიციას, რომ აღიარონ ჩვენი ხელისუფლების როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკური ლეგიტიმაცია
ირაკლი კობახიძე - ვინმეს თუ სურს პოლარიზაციის დასრულება, უპირველესად, უნდა მოუწოდოს ოპოზიციას, რომ აღიარონ ჩვენი ხელისუფლების როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკური ლეგიტიმაცია

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღესაც ძალაშია მმართველი გუნდის შეთავაზება ოპოზიციის მიმართ, რომ ევრორეკომენდაციების შესასრულებლად საპარლამენტო ფორმატებში ჩაერთონ და ერთად იმუშაონ.

თუმცა, მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ აუცილებლად ექნება საპასუხო განცხადებები ოპოზიციის შეურაცხმყოფელ კომენტარებზე.

„გუშინ ვიღაცამ დაამონტაჟა ვიდეო, რომელიც ასახავდა, რამდენჯერ ახსენეს სიტყვა „რუსული“ ოპოზიციის წარმომადგენლებმა „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით. 30, 40, თუ 50 ასეთი განცხადება იყო. ეს არის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებზე მუშაობას, მათ შორის ცხრა პრიორიტეტის შესრულებაზე მუშაობას, აქ ჩვენ გამოვხატეთ ღიაობა და სწორედ ამას ითხოვს ევროკომისია. ევროკომისია იმას კი არ ითხოვს, რომ დებატები იყოს ამა თუ იმ ფორმით წარმართული პარლამენტში, ევროკომისია ითხოვს, რომ ცხრა პრიორიტეტის გარშემო ჩვენ ერთად დავსხდეთ, ერთად ვიმუშაოთ, თუ რა როგორ გაკეთდეს. ამ კუთხით ჩვენი ღიაობა დაფიქსირდა და დღესაც ძალაშია შეთავაზება იმის შესახებ, რომ საპარლამენტო ფორმატებში ჩაერთონ. ოპოზიცია აკეთებს მუდმივ რეჟიმში შეურაცხმყოფელ განცხადებებს. ამას როგორ არ უნდა ვუპასუხოთ, ეს ხომ პოლიტიკური კონკურენციის ნაწილია. სადაც ექნებათ შეურაცხმყოფელი განცხადებები, იქ აუცილებლად მიიღებენ პასუხს. მაშინ გააჩერონ ოპოზიცია.

იყო ასეთი შემთხვევა, მქონდა საუბარი ერთ-ერთ ევროპელ დიპლომატთან. გახსოვთ, მაშინ ოდიოზური ევროპარლამენტარები აკეთებდნენ ნეგატიურ განცხადებებს საქართველოსთან მიმართებით და ვუთხარი, რომ თუ იქიდან შეწყდებოდა განცხადებები, ამ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან არცერთი ნეგატიური განცხადება არ გაკეთდებოდა. მართლაც, როგორც ჩანს, ამ დიპლომატმა იმუშავა და მადლობა მას ამისთვის. შეწყდა რაღაც მომენტში ნეგატიური განცხადებები და ჩვენი მხრიდან იყო ნული განცხადება. მაგრამ იმ პირობებში, როდესაც გამოდიან ეს ბატონები, ქალბატონები და ხან რუსულს გვეძახიან, ხან პუტინისტურს და ა.შ. იქ პასუხი არ გავცეთ, ეგ რანაირად? შეუძლებელია. თუ ვინმეს უნდა პოლარიზაციის დასრულება, პირველ რიგში, უნდა მოუწოდოს ოპოზიციას, რომ მათ აღიარონ ჩვენი ხელისუფლების როგორც საშინაო პოლიტიკური, ასევე საგარეო პოლიტიკური ლეგიტიმაცია. ამას თუ გააკეთებენ, პოლარიზაციაც რადიკალურად შემცირდება. არ გააკეთებენ, მაშინ, სამწუხაროდ, ვიქნებით ამ რეჟიმში. ეს არის კონკურენცია. ორი გუნდი რომ თამაშობს ფეხბურთს, ორივე გუნდი არის თანაბრად პასუხისმგებელი. ამ შემთხვევაში, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური კონკურენცია. პოლიტიკურ კონკურენციაში შენი მთავარი მიზანი არის, რომ გაიმარჯვო. როცა ხედავ, რომ ვიღაც გადმოდის პირდაპირ შეურაცხყოფაზე, პასუხის არგაცემით, პირველ რიგში, შენ კარგავ ქულებს. ასეთ შემთხვევაში შენ ამ კონკურენციაში ვალდებულიც კი ხარ, რომ პასუხი გასცე. იმან გეძახოს პუტინისტი და შენ პასუხი არ გასცე, ეგ რანაირად? არ ვართ ჩვენ მეტად პასუხისმგებელი, ეს არის პოლიტიკური კონკურენცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება კითხვას, – „რას იტყვით იმაზე, როდესაც მამაკაცი დეპუტატი ქალზე იწევს და მიკროფონს გლეჯს?“ – კობახიძე ამბობს, რომ ეთიკის წესები ყველამ უნდა დაიცვას.

„ეს არის სექსისტური განცხადება. ერთიც და მეორეც არის დეპუტატი. ყველამ უნდა დაიცვას ეთიკის წესები. ქალმაც უნდა დაიცვას მამაკაცის მიმართ, მამაკაცმაც ქალის მიმართ, მამაკაცმაც მამაკაცის მიმართ და ქალმაც ქალის მიმართ. ეს არის ის, რაც უნდა იყოს დაცული. დანარჩენი არის სექსიზმი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.