ირაკლი კობახიძე - ვინმე თუ ფიქრობს, სასამართლო დამოუკიდებლობას არ იმსახურებს, ამაზე მსჯელობა შეიძლება, მაგრამ კონსტიტუცია სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპზეა აგებული 
ირაკლი კობახიძე - ვინმე თუ ფიქრობს, სასამართლო დამოუკიდებლობას არ იმსახურებს, ამაზე მსჯელობა შეიძლება, მაგრამ კონსტიტუცია სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპზეა აგებული 

თუ ვინმე ფიქრობს, რომ სასამართლო დამოუკიდებლობას არ იმსახურებს, ამაზე მსჯელობა შეიძლება, მაგრამ არსებული კონსტიტუცია აგებულია სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების კანონპროექტზე საუბრისას აღნიშნა.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, კანონპროექტი ტექსტობრივად ეწინააღმდეგება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებს, სწორედ ამიტომ გავრცელდა პარტიის ცალსახა განცხადება.

„სასამართლოსთან დაკავშირებით პარტიის პოზიცია ცნობილია, იქ არის საუბარი მარტივ რაღაცაზე, რომ არის კონსტიტუცია, რომელიც ეფუძნება სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს. ეს კონსტიტუცია შემუშავდა სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპზე დაყრდნობით. ახლა დისკუსია წარიმართება იმასთან დაკავშირებით, იმსახურებს თუ არა დღევანდელი სასამართლო დამოუკიდებლობას და კონსტიტუცია ბუნებრივია ამ პრინციპზე ვერ აეგება. დღეს ვიღაცას მოსწონს ვიღაცას არ მოსწონს კონკრეტული კონტინგენტი. ამ სულისკვეთებით დაიწერა კონსტიტუცია ევროსაბჭოს და ვენეციის კომისიის ჩართულობით. ბრძოლა დაგვჭირდა, რათა პარლამენტის ჩართულობა ყოფილიყო უზრუნველყოფილი, მაგალითად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევაში და იქაც, ვენეციის კომისიამ საბოლოოდ კრიტიკული შენიშვნები დაგვიწერა. გარდამავალ დებულებებში სამწლიანი გამოსაცდელი ვადა რომ ჩავწერეთ, ამაზეც ბრძოლა და ახსნა-განმარტება დაგვჭირდა. თუ ვინმეს გონია, რომ სასამართლო დამოუკიდებლობას არ იმსახურებს, ამაზე მსჯელობა შეიძლება, მაგრამ არსებული კონსტიტუცია აგებულია სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.