ირაკლი კობახიძე - ვინც შარლ მიშელის დოკუმენტს უპირისპირდება, არ უნდა ისარგებლოს ამ დოკუმენტის პრივილეგიით
ირაკლი კობახიძე - ვინც შარლ მიშელის დოკუმენტს უპირისპირდება, არ უნდა ისარგებლოს ამ დოკუმენტის პრივილეგიით

ვინც დოკუმენტს უპირისპირდება, მან არ უნდა ისარგებლოს ამ დოკუმენტის პრივილეგიით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ დოკუმენტის თანახმად, ამნისტია ყველას უნდა შეეხოს, კანონპროექტში ჩაიწერა, რომ ის მძიმე დანაშაულების ჩამდენ პირებზე არ გავრცელდება.

ნიკა მელიას საქმის კონტექსტში კი აღნიშნა, რომ ვინც პრინციპულად უპირისპირდება მიშელის დოკუმენტს, მან ამ დოკუმენტის პრივილეგიით არ უნდა ისარგებლოს.

„გუშინ შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან კითხვა დაისვა, თუ რა შემთხვევაში დაუჭერდა მხარს ამნისტიის შესახებ კანონპროექტს ოპოზიცია. ეს არ იყო ინიციატივა, კითხვა იყო დასმული. ამაზეც კი უარყოფითი პასუხი მიიღო, რაც არასწორია. ვისგან მიიღო უარი, დეტალები არ ვიცი, შეხვედრას არ ვესწრებოდი. ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს, შარლ მიშელის დოკუმენტი. დოკუმენტში მარტივი რამე წერია, ყველას უნდა შეეხოს ამნისტიის შესახებ კანონი. ამის მიუხედავად, გარკვეულ გამონაკლისებს მაინც ვუშვებთ, თუ საქმე ეხება ისეთ დანაშაულებს, როგორიცაა სხეულის განზრახ დაზიანება, წამება და არაადამიანური მოპყრობა. ასეთ შემთხვევაში, ამნისტია არ გავრცელდება იმ პირებზე, ვინც შეიძლება ასეთი დანაშაული ჩაიდინა. რაც შეეხება ზოგად სულისკვეთებას, ის იყო, რომ „ამნისტიის შესახებ“ კანონი პრინციპულად ყველა პირზე უნდა გავრცელებულიყო, რაც ასახულია ჩვენს დოკუმენტში. ვინმე პრინციპულად თუ უპირისპირდება ევროკავშირს, მიშელის შეთანხმებას და ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, ამ შემთხვევაში ლოგიკურია, რომ მასზე არ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის მოქმედება. ეს არის მარტივი პრინციპი, რაც მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარეობს. ვინც მიშელის დოკუმენტს უპირისპირდება, მან არ უნდა ისარგებლოს ამ დოკუმენტის პრივილეგიით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.