ირაკლი კობახიძე - ვიმედოვნებთ, მალე დასრულდება არსებული მოცემულობა და გვექნება შესაძლებლობა, ოპოზიციასთან ერთად კენჭი ვუყაროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს
ირაკლი კობახიძე - ვიმედოვნებთ, მალე დასრულდება არსებული მოცემულობა და გვექნება შესაძლებლობა, ოპოზიციასთან ერთად კენჭი ვუყაროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს

მოდით, ნუ ვისაუბრებთ თეორიულ ვერსიაზე. პრაქტიკულად, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არჩევნებს ჩავატარებთ სტანდარტულ დროს, ეს არის 31 ოქტომბერი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს ჰქონდა კონსულტაციები საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან და შეჯერდნენ ყველაზე მჭიდრო ვადებზე, რომლის ფარგლებშიც არის შესაძლებელი საარჩევნო მოდელთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება.

„ეს არის დაახლოებით ორკვირიანი ვადა, როგორც კი ამოიწურება საგანგებო ვითარება. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მალე დასრულდება შესაბამისი მოცემულობა, შესაბმისად, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ოპოზიციასთან ერთად კენჭი ვუყაროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს და ეს მოგვცემს საშუალებას, სტანდარტულ ვადებში ჩავატაროთ საპარლამენტო არჩევნები. ეს ყველაფერი მთლიანობაში, არ არის მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის დასრულება დამოკიდებულია იმაზე, რა ტენდენციები იქნება პანდემიასთან დაკავშირებით მსოფლიო მასშტაბით და შესაბამისად, საქართველოში.

„თუმცა, არის ოპტიმიზმის საფუძველი, რომ ყველაფერი სათანადო დროში ჩაეტევა, შესაბამისად, ჩვენ შევძლებთ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას ზაფხულისთვის და უფრო ადრეც, იმედია და შევძლებთ, 31 ოქტომბერს, როგორც გათვალისწინებულია კონსტიტუციით, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დეპუტატის თქმით, კონსტიტუციაში მითითებულია, რომ თუ გაგრძელდა საგანგებო მდგომარეობა, არჩევნები ტარდება საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან არაუადრეს 45 და არაუგვიანეს 60 დღისა.

„თუ ასეთი რამ მოხდა, ასეთ შემთხვევაში, ეს არის თეორიული ვერსია, თუმცა, ვფიქრობთ, რომ პრობლემა უფრო ადრე ამოიწურება და შევძლებთ სტანდარტულ ვადებში, 31 ოქტომბერს არჩევნების ჩატარებას. რამდენჯერაც ჩვენ დავიწყეთ საუბარი, იმდენჯერ ეს გამოიყენეს სპეკულაციებისთვის, ამიტომ მოდით, ნუ ვისაუბრებთ თეორიულ ვერსიაზე. პრაქტიკულად, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არჩევნებს ჩავატარებთ სტანდარტულ დროს, ეს არის 31 ოქტომბერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.