ირაკლი კობახიძე - ვიღაცებს არ მოსწონთ, რომ ეკლესია სარგებლობს განსაკუთრებული ნდობით და უნდათ შეარყიონ ეს ნდობა, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ახსნა აქვს შეტევას, რომელიც ხორციელდება ეკლესიაზე
მაქსიმალურად ვერიდებით ამ თემაზე საუბარს. ეკლესიას თვითონ აქვს საშუალება, რომ დაიცვას საკუთარი თავი ნებისმიერი შემოტევისგან, მაგრამ თავდასხმები როდესაც განსაკუთრებულ სახეს და ინტენსივობას იძენს, ასეთ დროს, მგონი, ჩვენი ჩარევაც აუცილებელია, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ დასმულ კითხვას.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმას, რაც სამების საკათედრო ტაძარში მოხდა, პოლიტიკური საფუძველი აქვს.
მისივე თქმით, არ შეიძლება, ბოლშევიზმი საქართველოში რაიმე წარმატებით სარგებლობდეს.
„იყო ძალიან სერიოზული შეტევის მცდელობა ეკლესიაზე. ყველაფერი დაიწყო შობის დღესთან დაკავშირებული განცხადებებით. მაინცდამაინც იმ დღეს გაახსენდა გიორგი კანდელაკს, რომ სტალინის გამოსახულებით იყო ხატი განთავსებული სამების ტაძარში. სპეციალურად დაამთხვიეს განცხადება შობის დღესასწაულს, რათა მეტად გაემძაფრებინათ ამ შეტევის შინაარსი. მერე გაგრძელდა იმ ვანდალიზმით, რომელიც ვიხილეთ სამების ტაძარში. ამ ყველაფერს თავიდან ბოლომდე აქვს პოლიტიკური საფუძველი. ვიღაცებს არ მოსწონთ ის, რომ ეკლესია, ყველაფერთან ერთად, სარგებლობს განსაკუთრებული რეპუტაციით და ნდობით ქვეყანაში, შესაბამისად, უნდათ, რაღაცნაირად შეარყიონ ეს ნდობა. მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ახსნა აქვს იმ შეტევას, რომელიც ხორციელდება ეკლესიაზე. საბოლოო ჯამში, ეს არის იმ შეტევის ნაწილი, რომელიც ხორციელდება ჩვენი ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ. ყველაფერი, რასაც უკავშირდება ჩვენი ეროვნული იდენტობა, ამ ადამიანების მხრიდან არის შეტევის პირდაპირი საგანი და ეს წლებია, გრძელდება. ისინი ამაყობენ იმით, რომ ეკლესიის მიმართ ნდობა 99%-დან შემცირდა, პირობითად, 95%-მდე და ა.შ. ასეთი რაღაცები უხარიათ ამ ადამიანებს. ეს არის ჩვეულებრივი ბოლშევიზმის გამეორება ასი წლის თავზე. გახსოვთ, რომ პიკზე იყო ბოლშევიზმი ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით ერთი საუკუნის წინ და ამ ყველაფრის გამეორებას ვხედავთ ამ ადამიანების სახით, როგორებიც არიან გიორგი კანდელაკი, ნატა ფერაძე და ა.შ. არ შეიძლება, ბოლშევიზმი საქართველოში სარგებლობდეს რაიმე წარმატებით. შესაბამისად, რაღაც მომენტებში ჩვენ ვალდებულად ვთვლით საკუთარ თავს, დავიცვათ ეკლესია, ეკლესიის ინტერესები, როდესაც შეტევების ინტენსივობა იზრდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.