ირაკლი კობახიძე - ვფიქრობ, თუ სოციალური პასუხისმგებლობით იმოქმედებს ბიზნესი - დისტრიბუციაც და ქსელური მაღაზიებიც, შესაძლებელი იქნება ფასების შემცირება
ირაკლი კობახიძე - ვფიქრობ, თუ სოციალური პასუხისმგებლობით იმოქმედებს ბიზნესი - დისტრიბუციაც და ქსელური მაღაზიებიც, შესაძლებელი იქნება ფასების შემცირება

ერთია, რომ მოგებაზეა მაქსიმალურად ორიენტირებული ბიზნესი, მაგრამ, ვფიქრობ, თუ სოციალური პასუხისმგებლობით იმოქმედებს ბიზნესი – დისტრიბუციაც და ქსელური მაღაზიებიც, შესაძლებელი იქნება ფასების შემცირება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2012 წლის შემდეგ 4,7-ჯერ გაიზარდა ადამიანების მიერ ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადების სახით გადახდილი თანხა და ეს მონაცემები მანიპულაციას არ ექვემდებარება.

„ადამიანები იღებენ ხუთჯერ მეტ შემოსავალს და 20 პროცენტს იხდიან საშემოსავლო გადასახადის სახით. ასეთ პირობებში რეალურად ხარჯებში სურსათზე ხარჯების წილი უნდა შემცირებულიყო, მაგრამ არ შემცირდა, ამიტომ გამოგვაქვს ჩვენ დასკვნა, რომ ფასების შემცირების რესურსი არსებობს. რაც შეეხება ქსელის გაფართოებას, რატომ არის ეს პრობლემა? რა თქმა უნდა, ერთი და ორი მაღაზია გვერდიგვერდ ცალკე აღებული შეიძლება არ იყოს პრობლემა, მაგრამ როდესაც ფართოვდება ქსელი ჭარბად, ეს ზრდის დისტრიბუციის ხარჯებს. ჩვენ ინფორმაციაც მოგვაწოდეს შეხვედრებზე, რომ გახსნილი მაღაზიების დაახლოებით ნახევარიც კი ხშირ შემთხვევაში წაგებაზე მუშაობს. ქსელს აქვს ექსპანსიის ინტერესი იმისთვის, რომ ბაზარი რაც შეიძლება მეტად მოიცვას და ჩაანაცვლოს სხვა მაღაზიები. ფართოვდებიან, მათ შორის რის ხარჯზე – ფასებს ზრდიან, იღებენ დამატებით თანხებს ჩვენი მოქალაქეების ჯიბეებიდან, აფართოებენ ქსელს და საბოლოო ჯამში იზრდება ფასები. თავის დროზე ქეშბექი ბევრად ნაკლებით დაიწყო, 4% იყო და ზოგ შემთხვევაში 50%-მდე გაიზარდა. ბიზნესი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, თავისუფალი და ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი და ამით ვამაყობთ, 2012 წლიდან ეს ვითარება შეიცვალა, მაგრამ აქ არის სოციალური პასუხისმგებლობა. ერთია, რომ მოგებაზეა მაქსიმალურად ორიენტირებული ბიზნესი, მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ სოციალური პასუხისმგებლობით იმოქმედებს ბიზნესი – დისტრიბუციაც და ქსელური მაღაზიებიც, შესაძლებელი იქნება ფასების შემცირება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, საშუალო ფასნამატი არის 86 პროცენტი, თუმცა ზოგიერთი პროდუქტის შემთხვევაში 180-პროცენტიანი ფასნამატიც კი ფიქსირდება.

„რაც შეეხება ფასნამატს, 86 პროცენტს, ეს არის საშუალო მაჩვენებელი. ზოგიერთი პროდუქტის შემთხვევაში 180-პროცენტიანი ფასნამატიც კი ფიქსირდება, მაგრამ საშუალო ფასნამატი არის 86 პროცენტი. 180-პროცენტიანი ფასნამატი უკავშირდება ისეთ სასურსათო პროდუქტს, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, ხშირად მოხმარებადი პროდუქტი. პრობლემა სერიოზულია. ჩვენ შევისწავლეთ საერთაშორისო პრაქტიკა და ვნახეთ, რომ ფასნამატი ევროპულ ქვეყნებში 20-დან 30 პროცენტამდე მერყეობს, საწყობიდან თარომდე. ჩვენს შემთხვევაში არის 86 პროცენტი, რაც არის მაღალი მაჩვენებელი. რაც შეეხება მოთხოვნა-მიწოდების საკითხს, აქ მთავარი პრობლემა ეს არის – მოსახლეობას გაეზარდა შემოსავლები, ამ წლების განმავლობაში თითქმის ხუთჯერ არის გაზრდილი მოსახლეობის შემოსავლები. ეს ქსელებს, დისტრიბუტორებს, იმპორტიორებს აძლევს შესაძლებლობას, მეტი გაყიდონ და მეტად გაყიდონ. შეიძლება, მოსახლეობას მეტის გადახდის რესურსი ჰქონდეს, მაგრამ თუ ბიზნესი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით იმოქმედებს, შესთავაზებს მოქალაქეს არა იმ ფასს, რასაც დღეს სთავაზობს, არამედ შედარებით უფრო დაბალ ფასს და მიგვაჩნია, რომ ამის რესურსი არსებობს“, – განაცხადა პრემიერმა.