ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილის მიმართ დე ფაქტო სანქციები გაავრცელეს, გაუყინეს თანხები შვეიცარიულ ბანკში, თუმცა არ წავიდა ისეთ ნაბიჯებზე, რომლებიც ქვეყანას ზიანს მიაყენებდა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილის მიმართ დე ფაქტო სანქციები გაავრცელეს, გაუყინეს თანხები შვეიცარიულ ბანკში, თუმცა არ წავიდა ისეთ ნაბიჯებზე, რომლებიც ქვეყანას ზიანს მიაყენებდა

ეს არის სამარცხვინო სტატია, რომელიც, მაღალი ალბათობით, შეკვეთილია. შეგვიძლია, შესაბამისი დაფინანსების წყარო „ფარას“ ამერიკულ საიტზე ვნახოთ. როგორც წესი, ასეთი სტატიები შეკვეთით იწერება ხოლმე, კონკრეტული ფულის სანაცვლოდ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს დაუსვეს შეკითხვა, რომლის მიხედვით,  გამოცემა „პოლიტიკოს“ სტატიაში ბიძინა ივანიშვილზე ნეგატიურ კონტექსტშია საუბარი და არაფორმალურ მმართველადაა მოხსენიებული.

„ბიძინა ივანიშვილს არანაირი მინიშნება არ სჭირდება, მის მიმართ დე ფაქტო სანქციები გაავრცელეს, გაუყინეს თანხები შვეიცარიულ ბანკში, თუმცა ბიძინა ივანიშვილი ისეთ ნაბიჯებზე არ წავიდა, რომელიც მის ქვეყანას პრობლემებს შეუქმნიდა და ზიანს მიაყენებდა. აქ არავითარი მინიშნებები არ არის საჭირო და ვერავითარი შანტაჟი, მით უმეტეს, „პოლიტიკოში“ დაბეჭდილი სტატიები ვერაფერს შეცვლის. ამ შემთხვევაში, ეს უფრო ლოკალური საკითხი მგონია. ალბათ ვიღაცამ ფული გადაიხადა და ეს სტატია გამოქვეყნდა. შეიძლება, ეს იყოს თუნდაც ლოკალური ქართული სუბიექტი. ვიცით, რომ ვიღაცები ვაშინგტონსა და ბრიუსელში კაბინეტებში დარბიან, თან ამას აღიარებენ და ითხოვენ ქართველი პოლიტიკოსების სანქცირებას“, – განაცხადა კობახიძემ.