ირაკლი კობახიძე - ვერ გვეუბნებიან, მილიონი ან ორი მილიონი ლარი რომ წავა საზოგადოებრივ მაუწყებელში, ვის მოაკლდება
ირაკლი კობახიძე - ვერ გვეუბნებიან, მილიონი ან ორი მილიონი ლარი რომ წავა საზოგადოებრივ მაუწყებელში, ვის მოაკლდება

მაუწყებელი კომერციული გავლენისგან უნდა იყოს თავისუფალი, ეს კონსტიტუციაშიც ჩავწერეთ, თუმცა ერთი სიტყვის  ჩამატებით – ეს არის არსებითი კომერციული დამოუკიდებლობა, რაც იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მედიაორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, პირვანდელ ტექსტში კი ეწერა “თავისუფლება პოლიტიკური და კომერციული გავლენისგან”.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, ვენეციის კომისიის ექსპერტების პირდაპირი რეკომენდაცია იყო, რომ კომერციულის წინ სიტყვა არსებითი ჩამატებულიყო.

„მათი მიდგომის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ უნდა ყოფილიყო მთლიანად თავისუფალი კომერციული გავლენისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეკლამის კომპონენტი არ იქნებოდა გათვალისწინებული. მათ გვირჩიეს, რომ  სიტყვა  არსებითი დაგვემატებინა კონსტიტუციაში, რათა მაუწყებელს ჰქონოდა რეკლამის მიღების შესაძლებლობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტის ვეტოში გაშლილია ორი თემა – რეკლამის და შესყიდვების.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვეტოს ტექსტში საუბარია უთანასწორობის პირობების დაწესებაზე და რა იგულისხმება ამაში, გაუგებარია.

ირაკლი კობახიძის თქმით,  ტექსტში დასაბუთებული საერთოდ არ არის, რა გაართულებს კერძო ტელეკომპანიების ფინანსურ მდგომარეობას.

„ჩვენ რაზეც გვაქვს საუბარი, ეს არის მილიონიდან 2 მილიონ ლარამდე, რასაც აიღებს საზოგადოებრივი მაუწყებელი რეკლამის ხარჯზე. დაახლოებით ამდენი თანხა უკვე მიაქვს. ეს თანხა წლიდან წლამდე მერყეობს დაახლოებით მილიონიდან ორ მილიონამდე. თავის დროზე როცა ეს კომპონენტი შემოვიდა საზოგადოებრივ მაუწყებელში, მაშინ არავის გაუპროტესტებია. გასაგებია, სხვა ვითარება იყო, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიხსენებ იმას, რომ საერთოდ არ დამდგარა დღის წესრიგში ეს საკითხი, როდესაც ძალიან ქმედითი კომპონენტი დაემატა საზოგადოებრივ მაუწყებელს სპორტული გადაცემების სახით, საიდანაც 800 ათასზე მეტი აიღო მაუწყებელმა 2017 წელს რეკლამის სახით და მილიონ რვაასი ათასი ლარი იყო 2016 წელს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. 2016 წელს, 2017 წელთან შედარებით, მაუწყებლის სარეკლამო შემოსავალი მილიონით გაიზარდა. გაანალიზებული არის, რა გავლენა მოახდინა ამან ან რეგიონულ მაუწყებლებზე, ან ცენტრალურ მაუწყებლებზე? ჩვენ ჩვენი ანალიზი გვაქვს და ამას რომ ვეუბნებოდით ოპონენტებს უმრავლესობის შიგნითაც, ისინი ვერ გვეუბნებიან პასუხს. ვერ გვეუბნებიან, ეს მილიონი ან ორი მილიონი ლარი რომ წავა საზოგადოებრივ მაუწყებელში, ვის მოაკლდება, მოაკლდება თუ არა, ამასაც ვერ გვეუბნებიან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არის ქვეყნები, სადაც 25%-მდეც კი ადის სარეკლამო ბაზარში მაუწყებლის წილი.

„ამ შემთხვევაში საუბარია, დღევანდელი მდგომარეობით, დაახლოებით 1%-ზე, რომელიც უკვე წაღებული აქვს და ამის ზრდაზეა საუბარი დაახლოებით 1-1,5%-ით.  რამდენად შეიძლება ამან რაიმე არსებითი ან ზოგადად საფრთხე შეუქმნას მედიაპლურალიზმს, ამაზე არგუმენტები  აქაც ვერ მოვისმინეთ. კიდევ ერთი ფრაზა, რომელიც მოვინიშნე საზოგადოებრივ მაუწყებელს და რეკლამას აქვს განსხვავებული მიზნები, რომელიც ერთმანეთს ეწინააღმდეგება კიდეც. არის საერთაშორისო პრაქტიკა, არის ლოგიკური წყობა რაღაც არგუმენტების, რომელიც ამას არ ადასტურებს. მაუწყებელი არსებითად არის ორიენტირებული სხვა რამის გაშუქებაზე, კომერციალიზებული ნაკლებად უნდა იყოს, მაგრამ კომერციული ელემენტი რომ არის დასაშვები და რიგ შემთხვევაში მიზანშეწონილი, მაუწყებლის შემთხვევაში ამას ადასტურებს როგორც საერთაშორისო პრაქტიკა, ასევე ლოგიკა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, ვეტოს ტექსტში აღნიშნულია, რომ რაც მეტად იქნება ტელევიზია დამოკიდებული სპონსორობასა და რეკლამიდან მიღებულ შემოსავალზე, მით მეტად იქნება ის წნეხის ქვეშ, რომ მიაღწიოს ყურებადობის მაღალ დონეს საზოგადოების იმ სეგმენტში, რომელიც საინტერესოა რეკლამის განმთავსებლისთვის.

„აქაც არ არის ვეტოს ტექსტში არგუმენტები წარმოდგენილი. ერთი ქეისი ხომ მაინც უნდა მოიტანო, რომ ვიღაცამ მოგიტანა ისეთი რეკლამა, რომელიც გზღუდავს რაღაცა გადაცემის გაშვებაში. საერთოდ არ არის არგუმენტაცია გაშლილი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, შესყიდვებზე იყო სერიოზული დისკუსია, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს ჰქონდა შენიშვნები, თუმცა საბოლოო ჯამში იქ მოხერხდა პოზიციების შეჯერება.

„ბუნებრივია, მაუწყებელი მთლიანად თავისუფალი არ არის შესყიდვების მომწესრიგებელი რეგულაციებიდან. გათავისუფლდა კანონის რეგულაციებიდან, მაგრამ მთლიანად დამოუკიდებელი არ არის. მთავარი კონტროლის მექანიზმი არის ბორდი. არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი, რომელსაც ხელი მიუწვდება თითოეულ იმ დოკუმენტზე, რომელიც დაკავშირებულია შესყიდვებთან და ეს არის ქმედითი კონტროლის განხორციელების კარგი მექანიზმი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.