ირაკლი კობახიძე - ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად შევცვალეთ კანონი საერთო სასამართლოების შესახებ, იყო სამი საკვანძო რეკომენდაცია და სამივე იქნა ასახული
ირაკლი კობახიძე - ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად შევცვალეთ კანონი საერთო სასამართლოების შესახებ, იყო სამი საკვანძო რეკომენდაცია და სამივე იქნა ასახული

ჩვენ თავიდან ბოლომდე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად შევცვალეთ ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ სასამართლო რეფორმაზე ევროკომისიის ანგარიშში არსებული ჩანაწერის შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადა.

კობახიძის თქმით, ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებულია.

„ჩვენ ყველა საკითხზე გვექნება კონსულტაციები. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას, ჩვენ თავიდან ბოლომდე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად შევცვალეთ ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ. აქედან გამომდინარე ეს რეკომენდაციები არის სრულად გათვალისწინებული. როგორც მოგეხსენებათ, იყო სამი საკვანძო რეკომენდაცია და სამივე რეკომენდაცია იქნა ასახული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება ევროკომისიის ანგარიშში თავშესაფრის მინიჭების უსაფუძვლო განცხადებების შესახებ ჩანაწერს, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს სამართალდამცავი უწყებები თანამშრომლობენ ევროკავშირის სტრუქტურებთან, რათა ბოროტად არავინ ისარგებლოს ვიზალიბერალიზაციით.

„ვიზალიბერალიზაციას მოჰყვება გარკვეული ეფექტები. ჩვენ მუდმივ რეჟიმში, განსაკუთრებით სამართალდამცავი უწყებები არიან თანამშრომლობის რეჟიმში ევროკავშირის სტრუქტურებთან. ჩვენი ამოცანაა, ბოროტად არავინ ისარგებლოს ვიზალიბერალიზაციით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დატოვე კომენტარი