ევროკომისია უვიზო რეჟიმის მონიტორინგის შესახებ მორიგ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი
ევროკომისია უვიზო რეჟიმის მონიტორინგის შესახებ მორიგ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი

ევროკომისია უვიზო რეჟიმის მონიტორინგის შესახებ რიგით მეოთხე ანგარიშს აქვეყნებს.

დოკუმენტის თანახმად, წევრი ქვეყნები ადასტურებენ საქართველოს ხელისუფლებასთან დაბრუნებისა და რეადმისიის საკითხში კარგ თანამშრომლობას.

„ამ მხრივ, პანდემიის დროს განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდა, კარგად დამკვიდრებული რეადმისიის საქმის მართვის სისტემა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ასევე წევრი ქვეყნების ანგარიშში აღნიშნულია საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ უსაფრთხოების სფეროში.

„საქართველო განაგრძობს თანამშრომლობას ევროპოლთან და ევროიუსტთან და ჩართულია ერთობლივ აქტივობებში რამდენიმე წევრ სახელმწიფოსთან“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშში საქართველოში სასამართლო რეფორმის შესახებაც არის საუბარი, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის საკითხზეც.

„სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებული შესწორებები ძალაში 2020 წელს შევიდა და მოიცავდა დისციპლინარულ დარღვევებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირების რეგულაციებს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას. სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნება შეყოვნდა 2020 წლის ივლისის საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებით.

2020 წლის 30 სექტემბერს და 2021 წლის პირველ აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესთან დაკავშირებით. ევროკავშირის რეკომენდაციების შემდეგ, საქართველომ მოითხოვა ვენეციის კომისიის ფაქტობრივი შეფასება. 2021 წლის 12 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა დანიშნა უზენაესი სასამართლოს ექვსი მოსამართლე დანიშვნის ძველი სისტემით, რაც ეწინააღმდეგება ევროკავშირის რჩევებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს“, – ნათქვამია დოკუმენტში.

აქვე აღნიშნულია, რომ საქართველო აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას და მიიღო ზომებიც კომისიის რეკომენდაციების გასათვალისწინებლად. თუმცა, დოკუმენტის თანახმად, შემდგომი ძალისხმევაა საჭირო წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის მინიჭების უსაფუძვლო აპლიკაციების საკითხის გადასაჭრელად, ისევე როგორც ფულის გათეთრების, კორუფციისა და ორგანიზებულ დანაშაულის პრევენციისა და ბრძოლის წინააღმდეგ სფეროებში.

დოკუმენტში საქართველოსთვის რეკომენდაციებია მოცემული.

„კერძოდ კი, აღნიშნული სფეროები საჭიროებენ შემდგომ განხილვას:

• აქტიურად განაგრძეთ წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის უსაფუძვლო განაცხადების საკითხის მოგვარება; სავიზო რეჟიმის შესახებ საინფორმაციო კამპანიების მორგება შესაბამისი მიგრანტების პროფილებზე, მათ შორის მოწყვლად ჯგუფებთან მიმართებაში, დაყოვნებული და თავშესაფრის უსაფუძვლო განაცხადებზე;

• გააუმჯობესეთ ანტიკორუფიცული ინსტიტუტებისა და სამართალდამცავი ორგანოების ეფექტურობა, რათა უკეთ მართოთ მაღალ თანამდებობის პირებში კორუფციის შემთხვევები, უზრუნველყავით, რომ ყველა ასეთი საქმე გამოძიებული იყოს.

• დაასრულეთ უზენაესი სასამართლოს რეფორმა, მოსამართლეთა შერჩევის იმ პროცედურის შემოღებით, რომელიც სრულად შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ევროპულ სტანდარტებს; დაასრულეთ პროკურატურის რეფორმა, მათ შორის, გამომძიებლებისა და პროკურორების ფუნქციების გამიჯვნით; დაასრულეთ ფინანსური დაზვერვის სამსახურის ოპერატიული განვითარება იმის უზრუნველყოფით, რომ (ა) მას შეეძლება მიიღოს საჭირო ინფორმაცია მომხსენებელი უწყებისგან და (ბ) ექნება სრული, დროული წვდომა საჭირო ფინანსური, ადმინისტრაციული და სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციაზე მისი ფუნქციების სათანადოდ შესასრულებლად; გააგრძელეთ ორგანიზებული დანაშაულის პრევენციისა და წინააღმდეგ ბრძოლა. კერძოდ, უკანონო საქმიანობიდან შემოსავლების გათეთრების წინააღმდეგ; გააგრძელეთ ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირთან შესაბამისობაში მოყვანა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებით.

• უზრუნველყავით საქართველოს სავიზო პოლიტიკის შემდგომი შესაბამისობა ევროკავშირის ვიზის საჭიროების მქონე მესამე ქვეყნების სიებთან. კერძოდ, იმ მესამე ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებშიც არალეგალური მიგრაციაა ან წარმოადგენენ რისკს ევროკავშირისთვის“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

დატოვე კომენტარი