ირაკლი კობახიძე - ვენეციის კომისიას არასამთავრობოებმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ სასამართლო ადეიშვილის დროს უფრო კარგი იყო
ირაკლი კობახიძე - ვენეციის კომისიას არასამთავრობოებმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ სასამართლო ადეიშვილის დროს უფრო კარგი იყო

მოქმედი კანონპროექტი უკვე შეესაბამება სამართლებრივ პრინციპებს, ადგენს უპრეცენდენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურას, ვენეციის კომისიის რამდენიმე რეკომენდაციაა წარმოდგენილი და ჩვენ ამ რეკომენდაციების უმეტესობას გავითვალისწინებთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება პოლიტიკურ რეკომენდაციას, როგორც კობახიძემ აღნიშნა, შესაძლებელია, რომ პოლიტიკური შინაარსის რეკომენდაციები ვენეციის კომისიის დასკვნაში ვიხილოთ, ერთ-ერთი ასეთი რეკომენდაცია უკავშირდება იმას, რომ პარლამენტმა ერთბაშად არ დაამტკიცოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები.

„ბუნებრივია, ასეთი რამ კანონში ვერ ჩაიწერება, რადგან კონსტიტუციაში წერია მინიმალური რაოდენობა, 28 მოსამართლე უნდა იყოს უზენაეს სასამართლოში. თუმცა, პოლიტიკურად შეგვიძლია შევხედოთ და ვნახოთ, შეიძლება, თანდათანობითაც შეივსოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა. ეს პოლიტიკური საკითხია. პოლიტიკური რეკომენდაცია უარყოფით კონტექსტში არ მიწოდებია. ეს სამართლებრივი რეკომენდაცია არ არის, რომელიც ორგანულ კანონში უნდა აისახოს. ეს პოლიტიკური რეკომენდაციაა მიზანშეწონილობის თაობაზე. შეგვიძლია, ამაზეც ვიმსჯელოთ და თუ ამის საჭიროება იქნება, შეგვიძლია, ვიმოქმედოთ“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნაში იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით წერია, რომ გარკვეული სუბიექტების მხრიდან მის მიმართ უნდობლობა გამოითქვა; მითითებულია, რომ ვენეციის კომისიას ამის გადამოწმება არ შეუძლია.

„ვენეციის კომისია თავის პოზიციას არ აფიქსირებს. კომისიას კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდეს მთელმა რიგმა სუბიექტებმა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომ სასამართლო ადეიშვილის დროს უფრო კარგი იყო, ვიდრე დღევანდელი სასამართლო. ვენეციის კომისიის დასკვნაში ეს არის ასახული, რომ გარკვეულმა სუბიექტებმა საბჭოს მიმართ უნდობლობა დააფიქსირეს“, – აღნიშნა კობახიძემ.

ვენეციის კომისიამ მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები გუშინ გამოაქვეყნა. „თბილისში, ვენეციის კომისიის დელეგატების შეხვედრის შედეგად მიღებული ინფორმაციით, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საზოგადოების მნიშვნელოვან სეგმენტში ნდობის დაბალი ხარისხი აქვს. ვენეციის კომისია ვერ შეაფასებს, არის თუ არა ნდობის დაბალი ფაქტორი სამართლიანი. მიუხედავად ამისა, ფაქტი, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ მდგომარეობაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თითქმის ყველა კანდიდატს აარჩევს, აღნიშნული სია კი შემდეგ პარლამენტის უმრავლესობას გადაეცემა, რომელიც თავის მხრივ თითქმის ყველა კანდიდატს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე დაამტკიცებს, შეშფოთების საგანს წარმოადგენს. ეს შესაძლოა, საზოგადოების ნდობის ფაქტორზე ნეგატიურად აისახოს. ისეთი ინსტიტუტი კი, როგორიც უზენაესი სასამართლოა, ქვეყანაში მაღალი ნდობით უნდა სარგებლობდეს“, – აღნიშნულია დასკვნაში.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, შესაძლებელია ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციის გათვალისწინება, რომელიც მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის ამოღებას შეეხება.