ირაკლი კობახიძე - ვაგრძელებთ წინსვლას, რადგან წარმატებისა და გაუმჯობესებისკენ მიმავალი გზა მუდმივი სამუშაოა
ირაკლი კობახიძე - ვაგრძელებთ წინსვლას, რადგან წარმატებისა და გაუმჯობესებისკენ მიმავალი გზა მუდმივი სამუშაოა

ჩვენთვის, ღია მმართველობის პარტნიორობის მეხუთე გლობალური სამიტი უნიკალური შესაძლებლობაა რათა გადავხედოთ ჩვენს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია იმისაკენ, რომ საჯარო ინსტიტუტების უფრო ღია, უფრო ანგარიშვალდებული და მოქალაქეებისადმი უფრო პასუხისმგებლიანი გავხადოთ , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ  საერთაშორისო კონფერენცია ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალური სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გასული წლის განმავლობაში, ღია მმართველობის პარტნიორობის სამდივნოსთან ერთად საქართველომ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადადგა ღია მმართველობის პარტნიორობის ისეთი სტრატეგიული მიზნების შესასრულებლად საერთაშორისო დონეზე, როგორიცაა მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება, გამჭვიროვალობის ხარისხის გაზრდა და კორუფციასთან ბრძოლა, ინოვაციების განხორციელება საჯარო მომსახურების სფეროში და უკეთესი პარტნიორობის ჩამოყალიბება.

„ღია მმართველობის პარტნიორობის მეხუთე გლობალური სამიტი არის შესაძლებლობა, კიდევ უფრო შორს გავიხედოთ მომავალში და ერთობლივად გავუმკლავდეთ იმ დარჩენილ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების ინტერესის მრავალ სფეროში არსებობს. ჩვენი საერთო ძალისხმევის შედეგად, მსოფლიო მრავალმა ქვეყანამ შეძლო, წარმატებით შეესრულებინა საკუთარი ვალდებულებები საჯარო ინფორმაციის უფრო მეტი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. დღესდღეობით, საჯარო ინსტიტუტები კიდევ უფრო გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულია მოქალაქეებისადმი, ხოლო ის წევრი ქვეყნები, რომლებიც აღნიშნულ ინიციატივებს ახორციელებენ, კიდევ უფრო აქტიურად თანამშრომლობენ ღია მმართველობის პარტნიორობის საერთო მიზნების მისაღწევად. ჩვენ ასევე მოხარულნი ვართ, მივესალმოთ ღია მმართველობის პარტნიორობის ახალ წევრებს. მოხარული ვარ, რომ ჩვენმა ქვეყანამ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ამ ცვლილებების განხორციელებაში. მსურს, ჩვენს კანადელ კოლეგებს წარმატება ვუსურვო ღია მმართველობის პარტნიორობის არსებული მიღწევების კიდევ უფრო გაუმჯობესებაში და სამომავლო საქმიანობაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტმა მრავალი რეფორმა განახორციელა 2015 წელს საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციასთან მიერთების შემდეგ.

„თავაწეულები და ამაყები ვართ ჩვენს მიერ განხორციელებული ძალისხმევისათვის და ჩვენს მიერ მიღწეული მიზნებისათვის, რომლებიც მიმართული იყო საკანონმდებლო ორგანოს გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესებისკენ, იმისაკენ, რომ საქართველოს პარლამენტი უფრო ხელმისაწვდომი იყოს მოქალაქეებისათვის, და კიდევ უფრო ანგარიშვალდებული იყოს მათ მიმართ. მიუხედავად ამისა, კვლავ რჩება გამოწვევები და მაშასადამე, ჩვენ განვაგრძობთ წინსვლას, რადგან წარმატებისა და გაუმჯობესებისკენ მიმავალი გზა „მუდმივი სამუშაოა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა 2018-2019 წლებისათვის საქართველოს მიზნებს კიდევ უფრო ამბიციურს ხდის.

„ჩვენ ვგეგმავთ ახალი, მოქნილი და ინტერაქტიული საპარლამენტო ვებგვერდის გაშვებას, რომელიც მორგებული იქნება სუსტი მხედველობის მქონე მომხმარებელზე; უზრუნველყოფს მოქალაქეთა მეტ ჩართულობას ბიუჯეტის მომზადებისა და მიღების პროცესში; ჩვენ ასევე ვგეგმავთ პარლამენტში მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის ჩამოყალიბებას; ინფორმაციის გამოქვეყნებას საპარლამენტო ზედამხედველობის თაობაზე; და ასევე პარლამენტის ქმედითობისა და გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესებას ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით. გარდა ამისა, პარლამენტის ახალი რეგლამენტი დამატებით გარანტიებს გულისხმობს პარლამენტის მეტი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მიზნით”, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა უკეთესად მოემსახუროს მოქალაქეებს ღიაობისა და ანგარიშვალდებულების კიდევ უფრო გაუმჯობესების გზით, მოქალაქეების უფრო აქტიურად ჩართულობით გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მოქალაქეებზე ორიენტირებული და ინოვაციებზე დამყარებული კარგი მმართველობის გაძლიერებით.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტი, საკონსტიტუციო საზედამხედველო ფუნქციის საფუძველზე, ყველაფერს გააკეთებს, რათა უზრუნველყოს საქართველოში ყველა კონსტიტუციური ორგანოს ღიაობის მაღალი ხარისხი.

„ჩვენ მზად ვართ, ამ სტრატეგიული ხედვისთვის, რომელსაც ჩვენი ადგილობრივი და საერთაშორისო მეგობრების, პარტნიორებისა და მოკავშირეების დახმარებით განვახორციელებთ. საბედნიეროდ, ჩვენ ამ პროცესში მარტო არ ვართ. ნება მიბოძეთ, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო სამოქალაქო საზოგადოების ყველა წევრისათვის მათი ენთუზიაზმისა და ჩართულობისათვის. მათ გარკვეული გავლენა მოახდინეს იმ მთელი რიგი საკითხების საჯარო დებატების გაძლიერებაზე, რომლებიც დაკავშირებულია გამჭვირვალობასა და კარგ მმართველობასთან. ამ კუთხით, მე მსურს ხაზი გავუსვა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი ღია მმართველობის საბჭოს საკონსულტაციო ორგანოს ფასდაუდებელ წვლილს. მათი მხარდაჭერის გარეშე შეუსწავლელ და გამოუკვლევ ზღვაში ორიენტირება საკმაოდ რთული, თუ არა შეუძლებელი იქნებოდა. გავაკეთებთ ყველაფერი, რათა გაზარდოთ სახელმწიფო უწყებების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, რომ გააუმჯობესოთ სამთავრობო სისტემის ფუნქციონირება ინოვაციური ტექნოლოგიების მეშვეობით. მოკლე ვადაში ამის განხორციელება შეიძლება საკმაოდ რთული აღმოჩნდეს, თუმცა იგი უზურნველყოფს საჯარო უწყებების გრძელვადიან სტაბილურობას, ლეგიტიმურობასა და ქმედითობას. საქართველოს პარლამენტს ღრმად სწამს, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნებისა და საზოგადოების უკეთეს მომავალში განხორციელებული სტრატეგიული ინვესტიცია”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.