ირაკლი კობახიძე - ვაჭრობის ლიბერალიზაცია და მსოფლიოს წამყვან ბაზრებთან ინტეგრაცია საქართველოს უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური პრიორიტეტებია
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო აქტიურად ცდილობს მიაღწიოს ევროკავშირთან როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ ინტეგრაციას, ქვეყანას, ასევე სურს ძლიერი ეკონომიკური ურთიერთობის განვითარება აზიის ქვეყნებთან, მათ შორის ჩინეთთან, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილ პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტზე განაცხადა, რომელიც სტამბოლში მიმდინარეობს.
პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაჭრობის ლიბერალიზაცია და მსოფლიოს წამყვან ბაზრებში ინტეგრაცია საქართველოს უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური პრიორიტეტებია.
„ბოლო პერიოდში, საქართველომ უდიდესი ნაბიჯი გადადგა წინ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების გზით, რითაც საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა გახდა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობა აქვს ჩინეთთან, ასევე ყველა მეზობელ ქვეყანასთან თურქეთის რესპუბლიკის ჩათვლით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ შავი ზღვის რეგიონი სულ უფრო მეტად ხდება სტრატეგიული ადგილი ევროპასა და აზიას შორის ინტენსიური ეკონომიკური კავშირებისთვის.
„ამ ხიდის მნიშვნელოვანმა ნაწილმა, საქართველომ, დაამტკიცა საკუთარი ავტორიტეტი, როგორც ნავთობისა და გაზის მიწოდების მნიშვნელოვანმა სატრანზიტო დერეფანმა, რომელიც დაკავშირებულია ევროპასთან ცენტრალური აზიისა და კასპიის ტერიტორიებიდან. ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ მნიშვნელოვან რეგიონულ ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში, რომელთა შორისაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, მულტიმოდალური ბლოკ-მატარებელი (Silk Wind), სატრანსპორტო დერეფანი „ლაპის ლაზული“ (Lapis Lazuli) სატრანსპორტო დერეფანი „სპარსეთის ყურე, ირანი – შავი ზღვისპირეთი, ევროპის ქვეყნები“ და მრავალი სხვა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ამასთან, მისი თქმით, საქართველო ასევე გახდა „აბრეშუმის გზის“ მნიშვნელოვანი რგოლი და აქტიურ მონაწილეობას იღებს ჩინეთის ინიციატივაში „სარტყელი და გზა“.
„რეგიონის გეოსტრატეგიული პოზიციის ეფექტიანი გამოყენებისა და აბრეშუმის გზის ე. წ. „შუა დერეფნის“ გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით ჩვენ უკვე დავიწყეთ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განახლებისა და განვითარების კომპლექსური მრავალმილიონიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს საქართველოს ავტომაგისტრალების დაჩქარებული მშენებლობა, რკინიგზის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი შეფასებით, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის აღმოსავლეთის წევრი ქვეყნების ევროკავშირთან მჭიდრო პოლიტიკური ინტეგრაცია ერთადერთი წინგადადგმული ნაბიჯია, რომელიც შესაძლებლობას იძლევა გაძლიერდეს უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების განზომილებები შავი ზღვის მთლიანი ტერიტორიის ფარგლებში.