ირაკლი კობახიძე - უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 120-მდე თანამშრომლის  გარანტირებული გადაყვანა ორ ახალ სამსახურში
ირაკლი კობახიძე - უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 120-მდე თანამშრომლის გარანტირებული გადაყვანა ორ ახალ სამსახურში

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვისას განაცხადა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დეპარტამენტების თანამშრომლები ორ ახალ ბაზაზე შეინარჩუნებენ საკუთარ პოზიციას.

მისივე თქმით, ამ ორ ახალ სამსახურში დაახლოებით 120 თანამშრომლის გარანტირებული გადაყვანა იქნება უზრუნველყოფილი.

„საგამოძიებო დეპარტამენტი არის გამოძიების ნაწილი და გთავაზობთ, რომ ავტომატურად, კანონის ძალით საგამოძიებო დეპარტამენტის ყველა თანამშრომელს შეუნარჩუნდეს საკუთარი პოზიციები. შესაბამისად, ისინი წარმოდგენილი იქნებიან ახალ სამსახურში, რომელიც გამოძიების ფუნქციით იქნება დატვირთული.

რაც შეეხება საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტს, სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტს და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტს, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებში მრჩეველს, ეს არის ის დეპარტამენტები და პოზიცია, რომელიც განეკუთვნება პერსონალურ მონაცემთა დაცვას. გთავაზობთ, რომ შესაბამისი თანამშრომლები, დეპარტამენტების თანამშრომლები, რა თქმა უნდა, დეპარტამენტების ხელმძღვანელებისა და მრჩევლის ჩათვლით, იყვნენ წრმოდგენილი ავტომატურად, უკონკურსოდ ახალ სამსახურში პერსონალური მონაცემების ნაწილში.

შედარებით რთული საკითხია, რომელიც უკავშირდება ადმინისტრაციული ფუნქციების მატარებელ დეპარტამენტებს. ესაა ინფორმაციული ტექნოლოგიები და მონიტორინგი, ადმინისტრაციული დეპარტამენტი, იურიდიული დეპარტამენტი, საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი, ეკონომიკური დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტი და გენინსპექცია. შვიდი დეპარტამენტი არის ზოგადი ადმინისტრაციული ფუნქციებით დატვირთული. ამ შემთხვევაში გთავაზობთ, რომ საკუთარი არჩევანის შესაბამისად, მივცეთ საშუალება თითოეული დეპარტამენტის თითოეულ თანამშრომელს, გადანაწილდნენ ამ ორ სამსახურში. ანუ მათი ნების, არჩევანის შესაბამისად, გადანაწილდნენ ამ ორ სამსახურში. შესაბამისად, ჩვენ მიერ შემოთავაზებული პროექტის მიხედვით, ეს არის მისაღები. უზრუნველყოფილი იქნება დაახლოებით 120 თანამშრომლის გარანტირებული გადაყვანა ორ ახალ სამსახურში, რომელიც შეიქმნება ერთი სამსახურის ბაზაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.