ირაკლი კობახიძე - უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ დამატებითი ბიძგი მისცა პირდაპირი ფრენების დამატებას და მგზავრთნაკადის მნიშვნელოვან ზრდას საქართველოსა და ჩინეთს შორის
ირაკლი კობახიძე - უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ დამატებითი ბიძგი მისცა პირდაპირი ფრენების დამატებას და მგზავრთნაკადის მნიშვნელოვან ზრდას საქართველოსა და ჩინეთს შორის

სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, 2023-2024 წლებში ამოქმედდა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოს და ჩინეთის მოქალაქეებისთვის. უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ დამატებითი ბიძგი მისცა პირდაპირი ფრენების დამატებას და მგზავრთნაკადის მნიშვნელოვან ზრდას საქართველოსა და ჩინეთს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2024 წელს საქართველოში ჩინელი ვიზიტორების რაოდენობა – 83%-ით, 2025 წელს – 44%-ით, ხოლო მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 49%-ით გაიზარდა.

„დღეს საქართველოს ბაზარზე უკვე სამი ჩინური ავიაკომპანია ოპერირებს. შარშან ავიაკომპანია Air China-მ პეკინი-ურუმჩი-თბილისის მიმართულება დაამატა, ივლისიდან ავიაკომპანია China Southern-ი ამატებს ანალოგიურ რეისს, ხოლო 15 ივლისიდან ავიაკომპანია China Eastern-ი იწყებს პირდაპირ ფრენებს შანხაი-თბილისის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ წელს აზიის ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა ITB China შანხაიში საქართველოს ეროვნულ სტენდთან გაიხსნა, რაც საქართველოს მიმართ ჩინური მხარის განსაკუთრებულ ყურადღებაზე მეტყველებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვნად გაღრმავდა პარტნიორობა საქართველოსა და ჩინეთის განათლების სამინისტროებს შორის.

„მზადდება მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერას ქართულ და ჩინურ უნივერსიტეტებსა და კოლეჯებს შორის, ერთობლივი ახალგაზრდული პროგრამების დანერგვას, საქართველოში ჩინური ენის სწავლების გაფართოებას და ა.შ. ეს არის იმ შედეგების არასრული ჩამონათვალი, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებამ მოუტანა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.