ირაკლი კობახიძე - უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის მხრიდან ნდობისა და მხარდაჭერის მტკიცე პოლიტიკური გზავნილია 
ირაკლი კობახიძე - უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის მხრიდან ნდობისა და მხარდაჭერის მტკიცე პოლიტიკური გზავნილია 

დასავლეთში ვეძებთ საქართველოს სტაბილურ მომავალს თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის, რადგან დემოკრატიულ საზოგადოებას ძალუძს, შექმნას გაცილებით მტკიცე სტაბილურობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროპული მისწრაფება კონსტიტუციაშიც აისახა, რითაც საქართველოსთვის ევროინტეგრაციის მნიშვნელობას  გაესვა ხაზი.

„პროდასავლური პოლიტიკა ჩვენი ხალხის მტკიცე არჩევანია. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მხარს უჭერს ევროკავშირის წევრობას; დასავლურ დემოკრატიულ სამყაროსთან გაერთიანება საქართველოს ცივილიზაციური დანიშნულებაა, რაც ფესვებს ჩვენს ისტორიასა და კულტურაში იდგამს. დასავლეთში ვეძებთ საქართველოს სტაბილურ მომავალს თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის, რადგან დემოკრატიულ საზოგადოებას ძალუძს, შექმნას გაცილებით უფრო მტკიცე სტაბილურობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა თითოეული მოქალაქისა და მთელი ქვეყნისათვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველო ამაყობს ევროკავშირთან ურთიერთობებში ბოლო წლებში მიღწეული ხელშესახები წინსვლით.

ამ კონტექსტში, პარლამენტის თავმჯდომარემ უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის მხრიდან, ნდობისა და მხარდაჭერის შესახებ მტკიცე პოლიტიკურ გზავნილს წარმოადგენს.

„ჩვენ ენთუზიაზმით ვაგრძელებთ ასოცირების ხელშეკრულების და მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების განხორციელებას. საქართველო შეუერთდა ენერგოკავშირს, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის. საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლას, რაც ყველაზე ხელშესახები სარგებელია ჩვენი მოსახლეობისთვის, საქართველოსთვის აქვს არა მხოლოდ პრაქტიკული მნიშვნელობა, არამედ იგი წარმოადგენს მტკიცე პოლიტიკურ გზავნილს ევროკავშირის მხრიდან ნდობისა და მხარდაჭერის გამოსახატად. ასევე, ეს არის ჯილდო ჩვენი მუხლჩაუხრელი შრომისა და პარლამენტის, მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეების ამ მიზნისადმი ერთგულებისთვის.  დავიწყეთ მაღალი დონის სტრატეგიული უსაფრთხოების დიალოგი ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში საერთო შეშფოთების საკითხების განსახილველად”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ძალისხმევა ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციის მიღწევაზეა ფოკუსირებული და ქვეყანა სერბეთთან ამ მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობას აფასებს.

„ჩვენი ძალისხმევა ფოკუსირებულია ახალი შესაძლებლობების გამოვლენის გზით, ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციის მიღწევაზე. ამ კუთხით, ვმუშაობთ ამბიციურ საგზაო რუკაზე ევროკავშირთან დასაახლოებლად. ასეთი მიდგომა და ინიციატივა უზრუნველყოფს, რომ საქართველო მზად იქნება, როდესაც შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დრო დადგება.

სერბეთის რესპუბლიკამ უდიდეს პროგრესს მიაღწია ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. საქართველო აფასებს სერბეთთან – ევროკავშირის ლიდერ კანდიდატ სახელმწიფოსთან თანამშრომლობის შესაძლებლობას ამ მიმართულებით”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.