ირაკლი კობახიძე - უნგრეთი არის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდამჭერი, მათი პოზიციაა, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ერთ კალათში ყველა ქვეყნის განხილვა
ირაკლი კობახიძე - უნგრეთი არის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდამჭერი, მათი პოზიციაა, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ერთ კალათში ყველა ქვეყნის განხილვა

უნგრეთი, ზოგადად, არის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდამჭერი, მაგრამ კონკრეტულად ამ შემთხვევაშიც აუცილებლად დაუჭერს მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ეს არის უნგრეთის მყარი პოზიცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, უნგრეთის პოზიციაა, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ერთ კალათში ყველა ქვეყნის განხილვა.

„მათ აქვთ განსხვავებული პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ვერ აისახება მათ პოზიციაზე საქართველოსთან, მათ შორის, მოლდოვასთან და ბოსნიასთან მიმართებით. უნგრეთი მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, მოლდოვასთან მოლაპარაკებების გახსნას და ბოსნიასთან დაკავშირებით იმ რეკომენდაციას, რომელიც გაიცა ევროკომისიის მხრიდან, დათქმებით მოხდეს მოლაპარაკებების გახსნა. შარშანაც იყო სამივე ქვეყანა ერთ კალათში, გახსოვთ, სამივე ქვეყნის კანდიდატის სტატუსი განიხილებოდა ერთ კალათში, მაგრამ უკრაინას და მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, საქართველოს – არა. მაშინ რატომ არავინ გააპროტესტა ქვეყნის შიგნით ან ქვეყნის გარეთ, რომ ერთი კალათიდან ამოიღეს საქართველო აბსოლუტურად უსამართლოდ, არავის არ გაუპროტესტებია და ახლა რატომ საუბრობენ ასეთი დაჟინებით იგივე ადამიანები, რომ მაინცდამაინც ერთ კალათში უნდა იყოს განხილული ჩვენი საკითხი და სხვა ქვეყნების საკითხი?“ – განაცხადა კობახიძემ.