ირაკლი კობახიძე - უნდა გავიხედოთ წინ და შესაბამისი პირობები როცა მომზადდება, მივიღოთ პრინციპული გადაწყვეტილება ნატო-ში სრულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით
დღეისათვის რთული ვითარებაა, თუმცა მაქსიმალურად აქტიურად ვიმუშავებთ, რათა ალიანსს უფრო მეტად დავუახლოვდეთ და ჩვენს შორის პარტნიორობა გაღრმავდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, მართალია, ამ ეტაპზე ევროინტეგრაციის მხრივ ვითარება რთულია, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შესაბამისი პირობების დროს სრულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით პრინციპული გადაწყვეტილება იყოს მიღებული.
„გაგრძელდება, რა თქმა უნდა, კონსულტაციები. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია პარტნიორობის გაღრმავება და, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ამ კუთხით გვქონდეს მაქსიმალური პროგრესი, დანარჩენი არის სამუშაო პროცესი. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე რთული ვითარებაა, ვიდრე უკრაინაში გრძელდება ომი, ვითარება ინტეგრაციის კუთხით არის რთული, არ არის დღეს მომწიფებული ვითარება იმისთვის, რომ ასეთი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავიხედოთ წინ და ყველაფერი შევამზადოთ, რათა, საბოლოო ჯამში, როცა ამისთვის შესაბამისი პირობები მომზადდება, ჩვენ მივიღოთ ასეთი გადაწყვეტილება, პრინციპული გადაწყვეტილება სრულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით. დღეისათვის არის რთული ვითარება ამ კუთხით, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მაქსიმალურად აქტიურად ვიმუშავებთ, რათა დავუახლოვდეთ უფრო მეტად ალიანსს და გაღრმავდეს პარტნიორობა ჩვენს შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.