ირაკლი კობახიძე დეპუტატებს მიმართავს, რომ საკითხის განხილვა მისი დასწრების გარეშე განაგრძონ, რაც არაერთხელ გაუკეთებიათ
ირაკლი კობახიძე დეპუტატებს მიმართავს, რომ საკითხის განხილვა მისი დასწრების გარეშე განაგრძონ, რაც არაერთხელ გაუკეთებიათ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვერ ხედავს აუცილებლობას, რომ არასამთავრობოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა დატოვოს და პლენარულ სხდომაზე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების საკითხის განხილვას გაუძღვეს.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პლენარული სხდომის პარალელურად იმართება შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობენ სხვადასხვა პარტიის, დიპლომატიური კორპუსის, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ელჩები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

„შეხვედრაზე განვიხილავთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებულ პროცედურასა და კრიტერიუმებს.  მნიშვნელოვანი შეხვედრა დღეს დაიგეგმა, რადგან არ გვქონდა სხვა საშუალება სხდომის დაგეგმვისათვის. აქედან გამომდინარე, მიწევს იმ სხდომის წაყვანა. გავიგე, რომ იყო მოთხოვნა თუ თხოვნა დაყენებული, რომ ჩემი მონაწილეობით გაგრძელებულიყო პლენარული სხდომა, თუმცა ამასაც დასაბუთება სჭირდება, რატომ არის საჭირო ჩემი ყოფნა, არ ვიცი. ჩემი გზავნილი მდგომარეობს იმაში, რომ უნდა დავბრუნდე დარბაზში, სადაც გრძელდება პროცედურისა და კრიტერიუმების განხილვა. გთხოვთ, რომ გააგრძელოთ მუშაობა ჩემს გარეშე, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს. სხდომის წაყვანა არის ზვიად ძიძიგურის პრეროგატივა და ეს არაერთხელ გაგვიკეთებია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დეპუტატების ნაწილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მისვლას მოითხოვეს. როგორც დეპუტატები აცხადებდნენ, მოსამართლეების საკითხის განხილვას ირაკლი კობახიძეც უნდა დაესწროს.